03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
წამლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - არის თუ არა ინსულინის დეფიციტი დედაქალაქში?

სახელმწიო პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომლებიც დიაბეტის სამკურნალოდ პრეპარატ ლანტუსს უფასოდ იღებდნენ, საფრთხის წინაშე მას შემდეგ დადგნენ, რაც ერთ-ერთ მათგანს აფთიაქში უთხრეს, რომ მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტი არ ჰქონდათ.

ეს პასუხი წამლის მისაღებად მისულ მოქალაქეს უზნაძის 76 ნომერში მდებარე აფთიაქში გასცეს, სადაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მისულ პაციენტებს ინსულინს უფასოდ აძლევენ.

ინტერვიუზე აფთიაქის ფარმაცევტმა უარი თქვა, თუმცა პირადი საუბრის დროს დაადასტურა, რომ პრეპარატი ლანტუსი ბაზაში შეზღუდული რაოდენობით აქვთ.

ინტერვიუზე უარი თქვა აფთიაქის ხელმძღვანელმაც, თუმცა მან, ფარმაცევტისგან განსხვავებით, მედიკამენტის დეფიციტი საერთოდ უარყო და იმის დასადასტურებლად, რომ დეფიციტი არ არსებობს, ჯანდაცვის სამინისტროსგან ნებართვის მიღების შემდეგ „კურიერის” ჟურნალისტს ლანტუსის მხოლოდ ერთი კოლოფი გადააღებინა.

პრობლემას ინსულინის, კონკრეტულად კი ლანტუსის მარაგთან დაკავშირებით უარყოფენ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების შესაბამის სამსახურში ამბობენ, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო მედიკამენტის ახალი პარტიის შემოტანა ქვეყანაში დაგვიანდა, რის გამოც პაციენტები დადგენილი 3-თვიანი ნორმის ნაცვლად, 1-თვიანს მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს მე-15 სართულზე მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველოში მოწოდებული ინფორმაცია უწყების პირველ სართულზე გახსნილ საინფორმაციო ცენტრში უარყვეს. ოპერატორმა პირადი საუბრის დროს დაადასტურა, რომ ლანტუსი ქვეყანაში არ შემოსულა და ის აფთიაქში არ აქვთ.

კერძო აფთიაქებში ლანტუსის ერთი ამპულა, დაახლოებით, 40 ლარი ღირს. ფასის გარდა, მისი შეძენა სხვა მხრივაც პრობლემატურია. სახელმწიფო პროგრამიდან გამომდინარე, ის პაციენტებს უფასოდ ურიგდება, ამიტომ კერძო სექტორს წამალი შეზღუდული რაოდენობით შემოაქვს. ინსულინის გარეშე, დიაბეტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.

ავტორები:ეკა გაგუა, დავით მაისურაძე

დღის ამბები