03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
რეგულაციები შინაური ცხოველებისთვის - კორუფციული გეგმა და ძაღლების განადგურებით ნაშოვნი ფული?

დაპირისპირებისა და ხმაურიანი განცხადებები მიზეზი გახდა მერიის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც შინაური ცხოველების მოვლაზე ახალ რეგულაციებს აწესებს.

ამავე პროექტშია გათვალისწინებული მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარებაც, რომელიც პროექტის მოწინააღმდეგეთა განცხადებით, მერიაში კორუფციის კიდევ ერთი წყარო გახდება.

არასამთავრობოების განცხადებით, სწორედ მერიის მაღალჩინოსნების ინტერესებშია ცხოველთა მოვლა-პატრონობის შესახებ კანონპროექტის არსებული ვერსიით მიღება.

"ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარე თამაზ ელიზბარაშვილი პროკურატურისგან მერიის წარმომადგენლების მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მან მერიის ის მაღალჩინოსნები დაასახელა, რომლებიც, მისივე მტკიცებით, ახალი კანონპროექტის საფუძველზე, ფინანსურ სარგებელს ელოდებიან. ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მერის მოადგილის გარდა, კორუფციულ სქემაში მონიტორინგის სააგენტოს უფროსი და მოადგილეც მონაწილეობენ. 

"დახოცავენ 10 000 ძაღლს და ვერავინ გააკონტროლებს, ჩაუტარეს თუ არა მათ ამ ძაღლებს ესა თუ ის პროცედურა," - აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი. 

მერიის მაღალჩინოსნებს ამ ბრალდებებზე არ უპასუხიათ. ცხოველთა მოვლის შესახებ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით კი განმარტება საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.

შორენა ბუხრაშვილი გადაჭარბებულს უწოდებს საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტს იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომლებიც მეპატრონეებს ცხოველების რეგისტრაციას, სპეციალურ სამსახურებს კი მაწანწალა ძაღლების მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანას ავალდებულებს.

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ კანონპროექტი საკრებულოს შენობასთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი რეგულაციები ძაღლების განადგურებას ემსახურება.

ამ შენიშვნებს არ იზიარებს თბილისი მერი. დავით ნარმანია აცხადებს, რომ კანონპროექტი ევროსაბჭოს კონვენციის საფუძველზე მომზადდა.

ცხოველთა მოვლა-პატრონობის შესახებ მოსალოდნელი რეგულაციების შესახებ მსჯელობა საკრებულოში გაგრძელდება. კანონპროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ განხილვაში მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებულმა მხარეებმაც.

4 აპრილს კი თბილისში რუსთაველის მეტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. 

ავტორი - ეკო მაღრაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები