03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
წყალტუბოს რაიონის სოფლებში მგლების შემოსევაა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

წყალტუბოს რაიონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფლებს 13 თემის მასშტაბით მგლები შეესივნენ. დაგლეჯილია ათეულობით პირუტყვი.

წყალტუბოს რაიონის სოფელ რიონის ადგილობრივები აცხადებენ, რომ მტაცებელი დასახლებულ პუნქტში ჩნდება, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

სოფელ რიონის მსგავსად, მგლები წყალტუბოს რაიონის თითქმის ყველა სოფელში გამოჩნდნენ. სოფლებში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გარეული ცხოველი სოფელს თავს ესხმის, თუმცა მგლის მოკვლა მათ დიდი ოდენობის ჯარიმის გამო არ შეუძლიათ. მოსახლეობის თქმით, მტაცებელი ცხოველები საღამოს საათებში ხშირად ჩნდებიან, რის გამოც ადგილობრივები სოფლებში სანადირო ჯგუფების შექმნას ითხოვენ.

მგლების გახშირებული თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც.
გამგებლის განცხადებით, მგლების შემოსევის პრევენციის მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. უწყებების შეთანხმებით, შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც თავდასხმების შესამცირებლად სპეციალურ ზომებს მიიღებენ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიქმნება ჯგუფები მტაცებლების გასანადგურებლად, ამ დრომდე იმერეთის სოფლებში მოსახლეობამ უკვე ათობით შინაური პირუტყვი იზარალა.

 ავტორები: ვანო გავაშელი, ედიშერ მუშკუდიანი, გიორგი ბოჟაძე, დავით ლორთქიფანიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები