03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
ლაილაშის ბიბლია შესაძლოა ხელნაწერთა ინსტიტუტს ჩამოერთვას - რა ბედი ეწევა უნიკალურ ხელნაწერს?

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი მალე შესაძლოა მათი საცავიდან გაიტანონ.

ლაილაშის ბიბლიის და სხვა ებრაული ხელნაწერების გადაცემას დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი ითხოვს.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ამ მოთხოვნით ბოლო ერთი წელია, სხვადასხვა სამინისტროს შუამდგომლობით, ებრაული მუზეუმიდან რამდენიმე წერილი მიიღეს.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ლაილაშის ბიბლიის სხვას მუზეუმისთვის გადაცემას არ აპირებენ. ამბობენ, რომ ლაიალშის ებრაული ბიბლია მათი ექსპედიციების დროს იპოვეს და ის უკვე წლებია მათ საცავში ინახება.

დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ლაილაშის ბიბლიის და ხელნაწერების გადაცემის მოთხოვნას არ უარყოფენ. მუზეუმის დირექტორი ამტკიცებს, რომ ლაილაშის ბიბლია მეოცე საუკუნეში მუზეუმის დახურვამდე სწორედ იქ ინახებოდა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წლების განმავლობაში ლაილაშის ბიბლიის არსებობას ადასტურებენ მეცნიერებიც. ზაზა ალექსიძე ამბობს, რომ ეს ბიბლია წლების განმავლობაში სვანეთში, შემდეგ კი ლაილაშში ინახებოდა, მეათე საუკუნის ისტორიული ძეგლი თბილისში მეოცე საუკუნეში ჩამოიტანეს.

სატელეფონო საუბარში კულტურის სამინისტროში დაადასტურეს, რომ უახლოეს პერიოდში ამ საკითხის შესწავლას სპეციალური კომისია დაიწყებს.

დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი რესტავრაციის შემდეგ ოფიციალურად გასულ წელს გაიხსნა. მუზეუმის რეაბილიტაცია ბიძინა ივანიშვილმა და ”ქართუ ჯგუფმა ” დააფინანსეს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ლაილაშის ბიბლიის და ებრაული ხელნაწერების გადაცემის საკითხს განიხილავს. მანამდე საპროტესტო განცხადებას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მოაწერეს ხელი.

ავტორები: თათია ხორბალაძე, ნიკა ლეჟავა, ირინა ჯორბენაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები