03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ჭიათურაში ჩასახლებული ეკომიგრანტები, შესაძლოა, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ

ჭიათურაში ჩასახლებული ეკომიგრანტები საცხოვრებელ ფართს ითხოვენ.

16 ოჯახი უკვე 20 წელზე მეტია, ქალაქის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს.

სტიქიით დაზარალებულები მთავრობამ იქ დროებით შეასახლა. თუმცა, ობიექტი კერძო მესაკუთრემ რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მფლობელი მათ შენობის დაცლას სთხოვს.

სამსართულიან ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობა სოციალურად დაუცველია.

ისინი კერძო მესაკუთრის პირობას ბინების გამოსყიდვის შესახებ არ თანხმდებიან.

ამ ფაქტთან დაკავშირებით გამგებელი განმარტავს, რომ ბიუჯეტში ბინების გამოსასყიდად საკმარისი თანხაც არსებობს. თუმცა, ამ პროცესის დაწყების საშუალებას კანონი არ აძლევთ.

სულხან მახათაძე ამბობს, რომ ამ ოჯახებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული 2008 წელს უკვე გადაეცათ. თუმცა, მათ ეს ფართები არ შეუძენიათ. ამ ეტაპზე კი იგივე დანიშნულებით ბიუჯეტიდან თანხას ვერ გასცემენ.

შენობის მეპატრონემ 16 ოჯახს ფართების დასაცლელად 10-დღიანი ვადა მისცა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი შესაძლოა, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს.

 

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, ედიშერ მუშკუდიანი, დათო ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაში

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები