„რუსთავი 2"-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი არაუფლებამოსილია დავა დაიწყოს - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ნინო ნიჟარაძის სარჩელი შეისწავლა. იურისტები ამბობენ, რომ სამაუწყებლო კომპანიის პირველი დავისგან დამოუკიდებლად ახალ საქმეზე მსჯელობა წარმოუდგენელია. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამდე ახალი დავის განხილვა ვერ მოხდება.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2015-2017 წლებში „რუსთავი 2"-ის საქმის განხილვის პროცესი თავიდანვე აჩენდა კითხვებს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და ცალსახად ტოვებდა აღქმას, რომ ამ საქმის შედეგთან მიმართებით არსებობდა ხელისუფლების დაინტერესება. დასკვნის თანახმად, მიუხედავად ამისა, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რომლის თანახმად, ნინო ნიჟარაძე არ წარმოადგენს „რუსთავი 2"-ის წილის მესაკუთრეს.
საია-ში ამბობენ, რომ იურიდიული ვითარებიდან გამომდინარე, ახალ დავაზე სამართლებრივად გამართული მსჯელობა წარმოუდგენელია. ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ნიჟარაძეს სარჩელში არასაკმარისი მტკიცებულებები აქვს მოყვანილი იმს დასადასტურებლად, რომ პარტნიორებმა და კომპანიის ხელმძღვანელობამ ტელევიზიას ფინანსური ზიანი მიადგა. საია სასამართლოს მიმართავს, რომ დავა შეწყდეს.
„ეს სარჩელი საერთოდ არ უნდა განიხილოს სასამართლომ, გამომდინარე იქიდან, რომ რა რეალობაც არის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერებასთან დაკავშირებით გამოტანილი, ნინო ნიჟარაძე არ შეიძლება, რომ პარტნიორად და სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილ პირად მივიჩნიოთ. შესაბამისად, ეს სარჩელი სასამართლომ საერთოდ არ უნდა განიხილოს, მაგრამ თუ ჩვენ მაინც ამ სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებაში შევალთ, სარჩელიც კი თვითონ არის უსაფუძვლო. რომც ჩაითვალოს იგი პარტნიორად შემდგომი განხილვების შემთხვევაში, ამ მოცულობით არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები იმის, რომ ზიანი მას ან საზოგადოებას ნამდვილად მიადგა და ეს იყო უფლების ბოროტად გამოყენებით დამდგარი,“ - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, ნიკა სიმონიშვილმა.
საია-ს დასკვნას „რუსთავი 2"-ის იურისტები გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ნიჟარაძის მიერ წამოწყებული დავა სამართლებრივი კუთხით აბსურდია.
„ნინო ნიჟარაძე ჯერ კიდევ ქიბარ ხალვაშის სასამართლო პროცესების დროს, როდესაც ის იყო მხარე, მას ხომ აქვს საქმის მასალები, ჩაიხედონ ამ საქმის მასალებში და ნახავენ, რომ ჩვენ ყველა ინსტანციაში ვსაუბრობდით, რომ უნდა მოხსნილიყო ყადაღა, რომელიც უკანონოდ ედო „რუსთავი 2-ს“, რომელიც გვაზარალებდა ფინანსურად, მათ შორის პრობლემებს გვიქმნიდა გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. ის იყო მხარე, საქმის მასალები მას აქვს. მან ეს ძალიან კარგად იცოდა თავიდანვე, შემდგომ საჯაროდ არაერთხელ იქნა გაცხადებული ამის თაობაზე და სტრასბურგშიც გასაჩივრებულია ყადაღის უკანონობის გამო, ჩვენი ფინანსური ზიანი, მათ შორის საბიუჯეტო დავალიანებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს ფორმალურად არის გაკეთებული ნინო ნიჟარაძის მიერ, რომ სასამართლოს უბრალოდ დაუწეროს რაღაც, რომ მოხვდეს იმ მოსამართლესთან, ვისთანაც უნდა, მოხვდეს და შემდგომ სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც სახელმწიფოს აწყობს,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.