16 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე მოსაზრების დაფიქსირება მიზანშეწონილი არ იქნება“ - ნინო ნიჟარაძის ადვოკატი სასამართლო სისტემის შეფასების კითხვაზე

რუსთავი2-ის ოფისში პარტნიორთა კრება დასრულდა. შეხვედრა სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, მოთხოვნით ჩაინიშნა.

კრებაზე რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს ნინო ნიჟარაძეს ქართული სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიამ შეკითხვით მიმართა ადვოკატ გიორგი ყავლაშვილს, დაეფიქსირებინა მისი მარწმუნებლის მოსაზრება.

„რუსთავი2-ს, საზოგადოებას, რომლის წილის 9%-ს ფლობს თქვენი მარწმუნებელი, აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. ის გამოხატავს უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას ქართული სასამართლოს მიმართ. ეს დამოკიდებულება აისახა საერთაშორისო ანგარიშებში, რუსთავი2-ის საქმიდან გამომდინარე, თქვენ როგორც ამ საზოგადოების წილის მფლობელი, რა პოზიციაზე ხართ, იზიარებთ თუ არა საზოგადოების პოზიციას სრულად ქართული სასამართლოს შეფასების ნაწილში და ასევე იმ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს ამ დავასთან დაკავშირებით, რომ საქმე იყო ორკესტრირებული ხელისუფლების მიერ, რომ ხელისუფლების მიერ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და მისი დაკვეთით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნინო ნიჟარაძის პოზიცია მისმა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა გააჟღერა. მისი თქმით, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე მოსაზრების დაფიქსირება მიზანშეწონილი არ იქნება. საზოგადოებასა და ნიჟარაძის მხარის პოზიციებს შორის თანხვედრა არ არის. 

„როდესაც ზოგადად მასშტაბი სასამართლოს სანდოობას ან უნდობლობას ეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მარწმუნებელიც და მეც ვფიქრობთ, რომ რაიმე კონკრეტული მტკიცებულებების ან შემაჯამებელი პოზიციების გარეშე  ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების დაფიქსირება, მით უმეტეს როდესაც სარჩელი სასამართლო სისტემაში გვაქვს ჩვენ წარდგენილი, ვფიქრობთ, რომ ამაზე მიზანშეწონილი არ იქნება,“ - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.  

 

პარტნიორთა კრების სრული ჩანაწერის სანახავად გადადით ბმულზე

ამავე თემაზე
დღის ამბები