26 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
მასშტაბური კორუფციული სკანდალი აჭარაში - დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი და 6 მაღალჩინოსანი

მასშტაბური კორუფციული სკანდალი აჭარაში - დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ექვსი მაღალჩინოსანი. საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტის ”იაფი სახლის” ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა მერმა და მერიის იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა ოთხ მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია „კონვენტ ჯორჯიას” ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე გაამარჯვებინეს.

გიორგი ერმაკოვს გამოძიება მილიონ-ნახევარი ლარის უკანონო გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, საბიუჯეტო თანხების მითვისების სქემაში მერის გარდა, ბათუმის მოქმედი ვიცე-მერი, აჭარის ეკონომიკისა და განათლების მინისტრები და მერიის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, რომ ”კონვენტ ჯორჯიამ” ერთ-ერთი ბრიტანული კომპანიიდან ყალბი საბანკო გარანტია წარადგინა. ამის მიუხედავად, კომპანიას მერიამ ავანსის სახით მილიონ-ნახევარი ლარი მაინც ჩაურიცხა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი ვალდებულებები არ შეასრულა და სოციალურად დაუცველი ადამიანები ბინების გარეშე დატოვა.

შვიდი მაღალჩინოსანი საგამოძიებო უწყებამ სამუშაო ოთახებში დააკავა, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მასთან ერთად დაკავებული მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებენ.

სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვაზე „კურიერმა“ რეპორტაჟი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოამზადა. ბათუმის მაშინდელი მერი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა და ტენდერში საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია ”კონვენტ ჯორჯიას“ გამარჯვებას კანონმდებლობის სრული დაცვით ხსნიდა.

სოციალური პროექტ „იაფი სახლის“ გარშემო კორუფციულ გარიგებაზე და მაღალჩინოსნების არაჯანსაღ ინტერესზე ოპოზიცია რამდენიმე წელია, საუბრობს.

კონვენტ ჯორჯია“ მხოლოდ ბათუმში „იაფი სახლის“ პროექტში არ ფიგურირებს. საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას მოგებული აქვს არა ერთი მილიონობით ლარის ღირებულების ტენდერი. 2014 წელს მას ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა ახალი ოფისის მშენებლობა და რემონტი დაუკვეთა, ჯამური ღირებულებით ორ მილიონ ლარზე მეტი, თანხის ნაწილი, მილიონზე მეტი წინასწარ მისცეს, თუმცა კომპანია ვალდებულებები არ შეასრულა.

კონვენტ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა რამდენიმე კვირის წინ ”კურიერთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ფულის ნაწილი მას ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ირაკლი შიხიაშვილმა ქრთამის სანაცვლოდ გამოსძალა და მშენებლობისთვის თანხა არ დარჩა.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები