26 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
ძალიან ბევრი საკითხით მანიპულირება ხდება და ეს არის საშიში - თამარ ხულორდავა ლევან ვასაძის მუქარის შემცველ განცხადებებზე

„ასეთი მოწოდებები არის სრულიად შეუსაბამო სამართლებრივ სახელმწიფოსთან,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ლევან ვასაძის მუქარის შემცველი განცხადებების შეფასებისას გააკეთა.

საქმე ეხება ბიზნესმენის მიერ გუშინ, ვერის ბაღში გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც თეთრ რაზმელების ფორმირებას და მოხალისე კომბლეების რეგისტრაციას გულისხმობს.

თამარ ხულორდავასთვის ვასაძის მუქარის შემცველი განცხადებები სრულიად მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, დაძაბულობის შექმნა ქვეყანაში ქართული სახელმწიფოს განვითარებას შეაფერხებს.

„ვხედავ, რომ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი საკითხით მანიპულირება ხდება და ეს არის საშიში. ცალსახად ძალადობა არის დაუშვებელი, ასეთი მოწოდებები არის სრულიად შეუსაბამო სამართლებრივ სახელმწიფოსთან. ვთხოვ, ჩვენს საზოგადოებას, ცოტა უფრო მეტად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე, ასეთი დაძაბულობის შექმნა ჩვენს ქვეყანაში და ასეთი ანტაგონიზმის დათესვა და ასეთი დაპირისპირების შემოტანა, ნამდვილად არ არის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესებში,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ლევან ვასაძის დანაშაულებრივ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე გამოძიება დაიწყო. ბიზნესმენს, რომელმაც გუშინ შექმნა თეთრ რაზმელების ფორმირება და მოხალისე კომბლეების რეგისტრაცია დაიწყო, უახლოეს მომავალში მოუწევს სამართალდამცავ უწყებაში მისვლა.

მისი სახელი და გვარი მართალია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დაკონკრეტებული არაა, მაგრამ იქ ნათქვამია, რომ ძიება დაწყებულია უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და ხელმძღვანელობის მუხლით. არანაკლებ სახიფათო იყო ვასაძის მოწოდებებიც, რომელმაც ქვეყანაში ფაქტობრივად კომბლების რევოლუცია დააანონსა.

ამავე თემაზე
დღის ამბები