03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
საკრებულოს წინ გამართული სამი აქცია - მომიტინგეები ნარმანიას წინააღმდეგ

დედაქალაქის მერი საპროტესტო აქციის ფონზე გამოდიოდა მოხსენებით თბილისის საკრებულოში.

საკრებულოს შენობასთან შინაური ცხოველების მეპატრონეები, ცხოველთა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ახალი რეგულაციები დაწესდა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.
ისინი მიღებული რეგულაციის გაუქმებას ითხოვენ.

აქვე იმართება მეორე საპროტესტო აქციაც. ორგანიზაციები „აპრიორი“, „სამართლის თაობა“ და „სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი“ მერიაში კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბრობენ და ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ.

„ვაპროტესტებთ იმას, რომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში არის ჩავარდნა. ასევე იმას, რომ ნეპოტიზმს აქვს ადგილი. მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ ნათესავებს ასაქმებენ. პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქის მერს და ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გადადგომას,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიორგი ხაბურზანიამ.

საკრებულოს წინ კიდევ ერთი აქცია გაიმართა. ამჯერად დავით ნარმანიას შენობასთან „პარტიზანი მებაღეები“ დახვდნენ. ისინი მერისგან მოითხოვენ პასუხს ქალაქში მწვანე საფარის განადგურების გამო და მათ მერს მილიონი ხის დარგვის პირობაც შეახსენეს.

დედაქალაქის მერს საკრებულოში შესვლა მოუხდა აქციის მონაწილეების კორიდორის გავლით და ასევე შეძახილებით -წადი, წადი! დავით ნარმანიამ საკრებულოში შესვლის წინ მცირე კომენტარი გააკეთა აქციის მოთხოვნებთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ამ თემებთან დაკავშირებით ის საკრებულოს სხდომაზე ისაუბრებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები