03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
გარდაბნის მოსახლეობა სასაფლაოების ქურდობაში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს

გარდაბანში სასაფლაოების ქურდობაში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.

ადგილობრივებმა დღეს მძარცველის დაკავების მოთხოვნით აქცია გარდაბნის რაიონის პოლიციასთან გამართეს. მათ სამართალდამცველებს უმოქმედობაში დასდეს ბრალი.

მათი განცხადებით, ბრალდებულების დაკავება მხოლოდ მოსახლეობის უშუალოდ ჩართვის შემდე მოხდა, ახლა კი ერთ-ერთი გაათავისუფლეს და შესაძლოა იზოლატორი მეორემაც დატოვოს.

ადგილობრივები სასაფლაოების ძარცვაში ეჭვმიტანილი პირების კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.

მოსახლეობის ბრალდებები უპასუხოდ დატოვეს სამართალდამცველებმა. შეკრებილებთან პრემიერმინისტრის მრჩეველი, სავალან მირზოევი მივიდა და მათ დაშლისკენ მიუწოდა.

მოგვიანებით ადგილობრივებმა პროტესტი სასაფლაოზე გააგრძელეს. მათი თქმით, სოფელ გარათაკალაში 40-მდე საფლავი გაიძარცვა და დამნაშავეები თავად დააკავეს.

მოსახლეობამ სამართალდამცველებს ის ვიდეო ჩანაწერიც გადასცეს, რომლზეც მათივე მტკიცებით ბრალდებული საფლავების ძარცვის ფაქტს აღიარებდა და შემდეგ მოპარული რკინის კონსტრუქციების რეალიზაციის შესახებ საუბრობდა.

სასაფლაოზე შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ. ამის შემდეგ აქცია დაიშალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ.
აღნიშნულ ფაქტზე 258 მუხლი აქვს წარდგენილი, რაც მიცვალებულისდმი უპატივცემულობას გულისხმოიბს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, რამაზ უთრუგაშვილი, ნიკა ვაწაძე

დღის ამბები