03 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
საქართველოს მოქალაქე რუსეთში ჯაშუშობის მუხლით იხდის სასჯელს

საქართველოს მოქალაქის, ეკატერინე ხარებავას ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს უყურადრებობაში ადანაშაულებს. ხარებავა უკვე 2 წელია რუსეთში ჯაშუშობის მუხლით იხდის სასჯელს, თუმცა დაპირების მიუხედავად ამ დროის განმავლობაში მისი საკითხი ქართულ მხარეს მოლაპარაკების არცერთ დონეზე განუხილავს.

ეკატერინე ხარებავა სოჭის ბაზარში გამყიდველად მუშაობდა, მას საქართველოს მოქალაქეობა და რუსეთში მიგრანტის სტატუსი აქვს.

მან 2008 წელს აგვისტოს ომის დროს მეგობარს სატელეფონო საუბრისას საქართველოს მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ დაუდასტურა.  ამ სატელეფონო ზარის გამო ხარებავა რუსეთის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 5 წლის შემდეგ სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობისას ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავა. ხარებავა ამ დრომდე სასჯელს კრასნოდარში იხდის.

ხარებავას სარჩელი რუსეთის უზენესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, თუმცა მისი ადვოკატები სასამართლოს პრეზიდიუმში კიდევ ერთი სარჩელის შეტანას აპირებენ. მათი თქმით, სისხლის სამართლის საქმეში გამოძიებას არც მოსმენის სასამართლო ნებართვა ჰქონდა და დაკავებულ საქართველოს მოქალაქესაც დანაშაული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღიარებინეს. 

დაკავებულის ოჯახი დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს და აცხადებს, რომ საგარეო უწყებამ მათი თხოვნა უპასუხოდ დატოვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის თქმით, რითაც შეუძლია ხელისუფლებას აუცილებლად დაეხმარება თავის მოქალაქეს. აღნიშნული საკითხის განხილვას რუსულ მხარესთან გეგმავს პრემიერის წარმოამდგენელი რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში, ზურაბ აბაშიძეც.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების რუსეთის ციხეებიდან გამოყვანის არც კომპეტენცია და არც სურვილი აქვს. ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის, გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს არაერთი მოქალაქე რუსეთში ცრუ ბრალდებითაა დაკავებული და ამ დროს საქართველოს ხელისუფლებამ საქმის შესწავლის გარეშე გაათავისუფლა რუსი ჯაშუშები.

 

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, სალომე ბოკუჩავა, ზვიად იგრიაშვილი 

დღის ამბები