03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
საკრებულო უკანონოდ მითვისებული მიწების დაკანონებაზე მუშაობს-უწყებაში ასობით განცხადება შევიდა

საკრებულოში უკანონოდ მითვისებული მიწების დამტკიცებაზე ასობით განცხადება შედის. ახალი გადაწყვეტილებით თბილიში უკანონოდ დაკავებული ფართების დაკანონებას ის მოქალაქეებიც შეძლებენ, ვინც 2011 წლამდე ასეთ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ახალი კანონით მიწის გარდა უკანონო შენობის დაკანონებაც იქნება შესაძლებელი.

საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისია ახალ კანონზე მუშაობას უკვე ასრულებს, ახალი დებულებით დაწესდება ლიმიტი, რომლის ზღვარს მიღმა მიწის ფართობის დაკანონება აღარ მოხდება. კომისიის თავმჯდომარე აღიარებს, რომ ეს არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ ზღვარის გავლებას აუცილებლობად მიიჩნევს.

კანონის ამ პუნქტს არ ეთანხმებიან საკრებულოს ოპოზიციის წევრები. მიუხედავად იმისა, რომ ლიმიტის ოდენობა ჯერ უცნობია, უმცირესობაში ფიქრობენ, რომ შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში წლების განმავლობაში დაკავებული მიწის მეპატრონე ტერიტორიის ნაწილის გარეშე დარჩეს. ირაკლი აბესაძე ახალ კანონში სხვა უზუსტობებსაც ხედავს.

კანონი განსახილველად საკრებულოდან პარლამენტში სავარაუდოდ მომდევნო კვირას უნდა გადაიგზავნოს. ამის შემდეგ კი 2011 წლამდე თბილისში და თბილისს შემოერთუებულ ტერიტორიებზე უკანონოდ მითვისებული მიწების მეპატრონეები საკუთრების უფლებას მოიპოვებენ, თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ისინი დაკანონებელი ტერიტორიის მიღმაც აღმოჩდნენ.

ავტორი:გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები