03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული. 

ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს, რომლის თანახმად, ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ძლიერი ქარისა და ნამქერების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

მათივე განმარტებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

დღის ამბები