03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
"ბევრი რამ არის ჩვენს ყოფაში გაუკუღმართებული" - ილია II

"დიდ პრობლემას ქმნის ორიენტირების აღრევაც, როდესაც ზოგიერთი საშუალებას მიზნად მიიჩნევს, მიზანს კი, საშუალებად. საერთოდაც, ბევრი რამ არის ჩვენს ყოფაში გაუკუღმართებული: ხშირად ადამიანის სიცოცხლეს იოლად ხელყოფენ, არადა, ადამიანის მკვლელობა უდიდესი ცოდვაა"-ეს არის ციტატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია II-ეს სააღდგომო ეპისტოლედან. უწმინდესი ფიქრობს, რომ საქართველოში თვითმკვლელობის რიცხვმა იმატა, რაც საგანგაშოა. 

"უფლება არა გვაქვს, ღვთის მიერ ბოძებული სიცოცხლე წავართვათ ვინმეს. ასევე უმძიმესი და მკვლელობის ტოლფასი ცოდვაა აბორტი. ამ მომაკვდინებელი დანაშაულის ჩამდენნი არა მხოლოდ მშობლები არიან, არამედ ისინიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ ქმედებაში. დიდად ვწუხვართ თვითმკვლელთა რიცხვის ზრდის გამო. სიცოცხლე ღვთის უდიდესი წყალობაა და დაუშვებელია ვინმემ თავისი ნებით მოისწრაფოს იგი. ამ ცოდვის ჩამდენთ ტყუილად გონიათ, რომ სიკვდილით პრობლემებისგან გათავისუფლდებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ თავს მარადიული სატანჯველისთვის წირავენ,"-ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აზრით დღეს ქვეყნის წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ხალხის დამოკიდებულება შრომისადმი. 

"შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომას გადაეჩვია. არადა, შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი. მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღვთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ასწავლონ სირთულეების დაძლევა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ახალგაზრდებს; მართალია, მრავალი მათგანი სერიოზულ შეცდომებს უშვებს ემონება-რა ნარკომანიას, ლოთობას, გარყვნილებას, მაგრამ გვჯერა, ღვთის მადლით, ისინი შეიცნობენ ამ ცოდვათა დამღუპველობას და ღმერთს დაუბრუნდებიან; მიხვდებიან, ცხოვრებისეული ჯვარი იმიტომ მოგვეცა, რომ იგი რწმენითა და სიყვარულით ღირსეულად ვატაროთ და ჩვენი ჯვარცმა, განსაცდელები და პრობლემები, ჩვენს აღდგომად და ამაღლებად გადავაქციოთ,"-წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები