03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
გია სოსანაშვილის სკანდალური განცხადება-დაკავებული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მიზეზს ასახელებს

გიორგი სოსანაშვილმა ციხეში საკუთარ ადვოკატს ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქების საკუთარი ვერსია უამბო. ყოფილი პოლიციელი ვარაუდობს, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

ადვოკატის ამ განცხადების გამო, ყარაფილას ცენტრში ხალხი მადინა მელაძის დასაცავად შეიკრიბა, ამბობენ, რომ იურისტი მათ თანასოფლელს ცილს სწამებს და სახელს უტეხავს. ხალხი ყარაფილაში ადვოკატის ჩასვლას და საქმის სახალხო განხილვას მოითხოვს. 

ადვოკატ სოსო ჯოგლიძეს მადინა მელაძის ოჯახი სასამართლოში უჩივლებს. მომავალ კვირას ისინი ჯერ "ადვოკატთა ასოციასიის" თავმჯდომარეს შეხვდებიან და იურისტის წინააღმდეგ სანქციების გატარებას მოითხოვენ, შემდეგ კი პატივისა და ღირსების შელახვისათვის სარჩელით სასამართლოს მიმართავენ. 

ვაზაგაშვილის მკვლეობის ვერსია, ციხეში მყოფმა ყოფილმა პოლიციელმა ადვოკატს პირადად უამბო, დანარჩენი კი 4 გვერდიან ახსნა-განმარტებით ბარათზე დაწერა და ციხიდან გამოატანა. წერილში გია სოსანაშვილი აღწერს, რომ მთავარ პროკურატურაში მას სასურველი ჩვენების მისაღებად აწამბედნენ.

"ჩემი დაკითხვა, თუ ქვია ამას დაკითხვა, ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და არაადამიანური მობყრობა 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვიყავი რკინის მაგიდაზე მიბმული ხელბორკილებით, ისე რომ წყალიც არ დამალევინეს. შემდეგ იყო შანტაჟი ვასაძის მხრიდან, რომ მას ჰქონდა სურათები რუსების გადაღებული, რუსული ბაზიდან, რომელიც ადასტურებდა ჩემს ყოფნას, ვაზაგაშვილების საფლავზე. ეს რუსული სამხედრო ბაზა არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფელ ორჭოსანში და თუ აქვთ ეს სურათები გამოიყენონ, მაგრამ საიდან, როდესაც არასდროს ვყოფილვარ შესული ვაზაგაშვილების სასაფლაოზე,"- წერს სოსანაშვილი. 

ამავე წერილში ნათქვამია, რომ დნმ-ის კვალი, რომელიც ვაზაგაშვლის საფლავზე აღმოაჩინეს გაყალბებულია და დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფორსმა როინ ასანიძემ ჩაიდინა, რომელმაც ჯერ კიდევ მოქმედი პოლიციელი სამინსიტროში მოტყუებით მიიყვანა, თითქოს ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაევლო და ლაბორატორიის ნაცვლად ანალიზი საკუთარ კაბინეტში აუღო.

"ასანიძემ მისი ზურგით მდებარე ოთახიდან გამოიტანა წითელთავსახურავიანი ე.წ. ქილა რომელიც იხმარება ნარკოლოგიურ დისპანსერში შარდის ანალიზის ჩასაბარებლად და მიბრძანა გავყოლოდი საპირფარეშოში მოსაშარდად. შემდეგ ისევ დავბრუნდით მისივე კაბინეტში, მან მაგიდის უჯრიდან ამოიღო ნარკოლოგიური შემოწმების ტესტი და თვითონ დაიწყო ჩემი შარდის ანალიზის შემოწმება. ყუთებიდან ამოიღეს სხვადსხვა ინსტრუმენტები და დამიწყეს დნმ-ის ნიმუშის აღება პირის ღრუდან. აღებული ნიმუში ექსპერტებმა სპეციალურ პაკეტში ჩადეს ისე, რომ არ დაუსურათებიათ, თარიღი არ დაუსვამთ და პაკეტი არ დაულუქავთ, შესაბამისად ხელი არ მომიწერია პაკეტზე არც მე და არც იქ დამსწრე პირებს,"- წერს გია სოსანაშვილი.

სოსანაშვილიც და მისი ადვოკატიც ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აღებული დნმ-ის ნიმუში სამართლადამცველებმა წებოვან ლენტზე თავად გადაიტანეს და ამით მტკიცებულებები გააყალბეს, რადგან თუ სასაფლაოზე ეფ ერთი ტიპის ხელყუმაბარა აფეთქდებოდა როგორც ეს საქმის მასალებშია მითითებული, შეუძლებელი იქნებოდა იქ დნმ-ის კვალის აღმოჩენა.

სკანდალურ ახსნა-განმარტებით ბარათში გია სოსოანშვილი პირდაპირ წერს, რომ ზეწოლას მასზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი მამუკა ვასაძე ახდენდა. დაკავებისთანავე კი მას აიძულებდნენ ეთქვა, რომ მკვლელობა ასევე ყოფილმა პოლიციელმა ირაკლი ფირცხალავამ შეუკვეთა. 

"მკითხა, თუ რა კავშირი მქონდა ნაციონალ გივი თარგამაძესთან, რაზეც მიიღო პასუხი, რომ მე ვარ პოლიციელი და პოლიტიკური პარტიის წევრებთან კავშირი არ მქონდა მათ შორის არც გივი თარგამაძესთან. მამუკა ვასაძე დაკითხვის დროს მაიძულებდა მეღიარებინა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა და შემკვეთად ირაკლი ფირცხალავა დამესახელებინა. სამაგიეროდ სასჯელის შემსუბუქებასა და ოჯახის უსაფრთხოებას მპირდებოდა,"-განმარტავს სოსანაშვილი.

ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი ფიქრობს, რომ პატიმარ სოსანაშვილის სკანდალური წერილის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, რადგან სახეზეა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი. 

მთავარი პროკურტურა ყველა ბრალდებას უარყოფს, საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ არც ზეწოლას და არც მტკიცებულების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი ფიქრობს, რომ პატიმრის მიერ დასახელებული სკანდალური ფაქტები უნდა გადამოწმდეს და გამოძიებამ დაადგინოს რა მოხდა პროკურატურაში დაკითხვის დროს. 

იური ვაზაგაშვილის მკვლეობის საქმის განხილვა, სასამართლოში 2 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურის თხოვნით ის 28 მაისისათვის გადაიდო. ბრალდებულ სოსანაშვილის ადვოკატი პირდაპირ ამბობს, რომ პროკურატურას სათანადო მტკიცებულებები არ გააჩნია და ამის გამო პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

 

ავტორი: ნოდარ მელაძე

დღის ამბები