03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
გერმანიაში ნაავარიები, თურქეთში აწყობილი და თბილისში გაყიდული მანქანები

გერმანიაში, ავტო სასაფლაოზე დაჭრილი მერსედესის ცხვირში ჟურნალისტემა ფარულად ჯიპიეს გადამცემი ჩაამონტაჟეს, თბილისურ სახელოსნოებამდე გამოყვნენ და ქართველი ხელოსნების მიერ გაცოცხლებული ავტომობილიც საკუთარი თვალით ნახეს. 

დავით მესხიშვილის ინფორმაცით გარდაცვლილი ავტომობილების რეინკრანაცია ძირითადად თურქეთში, ტრაბზონის მიმდებარედ ხდება. იქიდან კი სახელდახელოდ აწყობილი ავტომობილი საქართველოს საზღვარს სრულფასოვანი სატრანსპორტო საშუალების სტატუსით კვეთს, თუმცა გაუგებარია, როგორ უნდა დარეგისტრირდეს ავტომობილი, რომელიც ჯართიდან საქართველოში ააწყვეს.

კონტეინერში 4 ავტომობილი ეტევა, გადაჭრილი ცხვირი, ანუ ნახევარი მანქანა კი 20-მდე. გერმანელი ჟურნალისტების დასკვნით, ამგვარად ერთ კონტეინერზე ავტო დილერები 20 ათას ევრომდე მოგებას ნახულობენ. ე.წ. ცხვირების იმპორტი საქართველოში წლებია მეორადი სათადარიგო ნაწილების ძირითადი წყაროა, იმპორტის ჯამური მოცულობა წლიურად 50 მლნ. ლარს აღწევს. მოვაჭრეების განმარტებით, დანაწევრებული ავტომობილიდან ახალი რომც აეწყოს, მოგების მიღებაც გაჭირდება, ხელობის სირთულიდან გამომდინარე და რეალიზაციაც, რადგან გამოცდილმა თვალმა ქირურგიული ჩარევები ადვილად უნდა ამოიცნოს.  

გერმანელი ჟურნალისტების მიგნებები, თუნდაც გამონაკლისის სახით, სულ სხვა რეალობას ადასტურებს: ერთ-ერთ ფარულ ინტერვიუში ქართველი დილერი გერმანელებს უხსნის, რომ ყველა გადასახადი უკვე გადაიხადა, რესტორანში კი სადაც გერმანელი და ქართველი ავტოდილერები მიირთმევენ, ჩანს იარაღიც, რომლითაც ადგილობრივი მასპინძლები იწონებენ თავს და რაც შესაძლოა გავლენიანი პირების მფარველობას მიანიშნებდეს.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განბაჟებისას ხდება ავტომობილის საიდენტიფიკაციო პარამეტრების შემოწმება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი თუ მანქანის ფერი, საიდენტიფიკაციო ნომერი და ავტომობილის სერია ემთხვევა საბუთებში მითითებულს, ის ნომერს უპრობლემოდ აიღებს, თუმცა არასამთავრობოების ერთი ნაწილი თვლის, რომ დეტალურად მანქანის საიდენტიფიკაციო ნომრები არ მოწმდება. 

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკურ პასპორტებში მხოლოდ ვინ კოდია მითითებული, თუმცა ძრავის, ძარის და შასის ნომრები იშვიათი გამონაკლისების გარდა გამოტოვებულია. რაც ნიშნავს რომ საქართველოში ნაავარიები მანქანის შეკრება სამართლებრივად კიდევ უფრო ადვილია ვიდრე იმპორტულის, მთავარია ვინ კოდი დაემთხვეს.

გერმანელების ინფრომაციით ორი ნაწილის შეერთება 900 ევრომდე ჯდება, სახურავი დამატებით 600 ევრო, მანქანა კი, რომელიც საბაჟო ტერმინალზე დააფიქსირეს, 3 ათას 700 დოლარად იყიდებოდა, რაც ავტოდილერების ბუღალტერიას გაუგებარს ხდის. გერმანელმა კოლეგებმა ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვეს, გვითხრეს, რომ უახლოეს ხანში ამ დანაშაულებრივ სქემაზე კიდევ ერთ ჟურნალისტურ გამოძიებას გამოქვეყნებენ.

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები