03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
დევნილების ბაგა-ბაღი გორში ტექნიკურად გაუმართავია და მას მასწავლებლები არ ჰყავს

"პოსტსკრიპტუმი" რეგიონებში ბაგა-ბაღების თემას განაგრძიბს. "რუსთავი 2- ის" გადამღები ჯგუფი კიდევ ერთხელ ესტუმრა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აღჭურვილ შენობას, სადაც ბაგა-ბაღი უნდა გახსნილიყო.

დარაჯმა გასული კვირისგან განსხვავებით გადამღებ ჯგუფთან საუბრისგან ამჯერად თავი შეიკავა. ბაღი, რომ გახსნილი არ არის ამას ადგილობრივებიც ამბობენ და გამგეობაშიც ადასტურებენ.

გორის ვიცე-მერმა დათქმულ დროში მოცემული პირობის შეუსრულებლობა იმით ახსნა, რომ ერთ-ერთი ორგანიზაციიდან ბაგა-ბაღისთვის საჭირო ავეჯს ელოდება, თუმცა ნუკრი ჯოხაძემ უცხოელი დონორის ვინაობა საიდუმლოდ დატოვა.

ვიცე-მერთან საუბრისას გაირკვა, რომ ბაღს არამხოლოდ ავეჯი აკლია, არამედ ის ტექნიკურად კვლავ გაუმართავია და რაც ყველაზე მთავარია ჯერჯერობით არც აღმზრდელ-მასწავლებლების შერჩევის პროცესი დაწყებულა.

საჩვენებელი ბაღის გახსნამ, რომელშიც 100-მდე ბავშვმა უნდა იაროს და თანაც დევნილები დასაქმდნენ კიდევ ერთი თვით გადაიწია.

არაფერი გაკეთებულა არც ქუთაისის მეოცე ბაგა-ბაღშიც, სადაც პრობლემას ბაღის შესასვლელთან მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქმნიდა. წვიმის დროს ბაღში შესვლა შეუძლებელი ხდება რადგან წინ მშობლებს, მასწავლებლებს და აღსაზრდელებს დიდი ტალახიანი და გაუვალი გზა აქვთ გასავლელი.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობით, ბაღის დირექცია ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით ზემდგომ უწყებას ოთხი წლის განმავლობაში მიმართავდა, თუმცა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ეს ინფორმაცია უარყვეს.

ნიკეას დასახლებაში არსებული მეოცე ბაღის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის ქალაქის მერიას 45 ათასიდან 47 ათას ლარამდე აქვს გათვალისწინებული. სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერის გამოცხადებას ისინი მაისის შემდეგ გეგმავენ.

ავტორი - გიორგი გვიშიანი 

ამავე თემაზე
დღის ამბები