03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
პანკისის ხეობიდან გაუჩინარებული მოზარდები ოჯახებს დაუკავშირდნენ

პანკისის ხეობიდან 2 აპრილს გაუჩინარებული მოზარდები, რომელთა ფოტოებიც მედიასაშუალებებით გავრცელდა საკუთარ ოჯახებს დაუკავშირდნენ.

„კურიერთან“ საუბრისას მუსლიმ კუშტანაშვილის ბებია ყვება, რომ მოზარდებმა მათ განუცხადეს, რომ კარგად არიან და ამ დრომდე საომარ მოქმედებებში მოანაწილეობა არ მიუღიათ. როგორც ისინი ამბობენ ჯერჯერობით მხოლოდ სწავლებას გადიან.

16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლებისგან დაპირება მიიღეს დახმარების შესახებ და ითხოვენ მის შესრულებას.

როგორც ისინი აცხადებენ, სახელმწიფო მათ დაპირდა გამოეძიებინა იმ პირების ვინაობა, რომლებიც მოზარდებს ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაში და ისლამურ სახელმწიფოში გასვლაში ეხმარება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვები ომარ ალ შისანთან, იგივე თარხან ბათირაშვილთან ჩაყავთ.

დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ პანკისის ხეობაში ნეგატიურია და ადგილობრივები საკითხის გარკვევას ითხოვენ.

ჩეჩნური დიასპორის წარმოამდგენელი მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ადგილობრივი მოზარდები შესაბამის განათლებას ვერ იღებენ და არ არიან დასაქმებულები.  

შეგახსენებთ  რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი ისლამური სახელმწიფოს დროშის ფონზე არიან გადაღებულები.

ახალგაზრდებს სამხედრო ფორმა აცვიათ და ხელში „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატები უჭირავთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები