03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ქართველი მოჭადრაკე საერთაშორისო ტურნირიდან გამოაგდეს

ქართველი მოჭადრაკე საერთაშორისო ტურნირიდან გამოაგდეს. უცხოური მედიის ინფორმაციით დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირიდან მოჭადრაკე გაიოზ ნიგალიძეს გამოგდების მიზეზი თამაშის წესების დარღვევა გახდა და მას 15 წლით დისკვალიფიკაცია ემუქრება.

არსებული ინფორმაციით გაიოზ ნიგალიძის ტურნირიდან გამოგდების მიზეზი ტუალეტში დამალული მობილური ტელეფონი გახდა, რომლის დახმარებითაც მოჭადრაკე პარტიის სვლებს ამოწმებდა. 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი ტიგრან პეტროსიანს ხვდებოდა. პეტროსიანს საეჭვოდ მოეჩვენა ის ფაქტი, რომ ნიგალიძე ძალიან ხშირად გადიოდა ტუალეტში და სულ ერთსა და იმავე კაბინაში შედიოდა. კაბინის შემოწმების შემდეგ, ტუალეტის ქაღალდში გახვეული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

ნიგალიძის თქმით, მობილური ტელეფონი მას არ ეკუთვნოდა. თუმცა, სოციალური ქსელი მისი სახელით იყო ჩართული. ასევე, ტელეფონში, ნიგალაძის სათამაშო პარტიას ერთ-ერთი ჭადრაკის პროგრამა აანალიზებდა.

კურიერმა" ინფორმაციის გადამოწმება ჭადრაკის ფედერაციაში სცადა, თუმცა ფედერაციას როგორც აღმოჩნდა ტურნირიდან  ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია, დაკავშირება ვერც მოჭადრაკესთან ხერხდება, რომელიც ტურნირის დამთავრებამდე დუბაიში დარჩება. 

"ჩვენ ოფიციალურ განცხადებას მას შემდეგ გავაკეთებთ რაც გავესაუბრებით გაიოზ ნიგალიძეს და მასთან გადავამოწმებთ ინფორმაციას. ზოგადად მსგავსი ამბები ხშირად ხდება და რათქმაუნდა ეს მიუღებელია. ადრე საფრანგეთის გუნდმა გამოიყენა მსგავსი მეთოდი და ძალიან მძიმე რეაგირება მოჰყვა ამ ამბავს,"- აცხადებს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე "კურიერთან" საუბრისას. 

ავტორი - დავით ერაძე

 

დღის ამბები