დიდი გამოწვევა ქართული მყიფე დემოკრატიისა და სერიოზული საფრთხე პლურალისტული მედია გარემოსთვის - ასე აფასებს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ არსებულ ახალ რეალობას სამოქალაქო სექტორი.
"ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედია სივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე." - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
მასში ასევე ნათქვამია, რომ "რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ასევე, გარანტირებული უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვა შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შემოღებით.
„ფაქტობრივად საფრთხე ემუქრება, სწორედ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს, პლურალისტული აზრის არსებობასთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს მოცემულობა ყველამ უნდა გავიაზროთ. ახლა ჩვენთვის მთავარია ალბათ, რომ მიღებულ იქნეს სათანადო ზომები, რომ დაცული იყოს თანამშრომელთა უფლებები და ინტერესები. სარედაქციო დამოუკიდებლობის უფლება და როგორც მანამდე ხდებოდა საქართველოში ისტორიაში, რომ მენეჯმენტის ცვლილება იწვევდა სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას, ეს იყოს თავიდან აცილებული,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.
საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, პრინციპული მნიშვნელობის საკითხია „რუსთავი2“-ის მაუწყებლობა და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა. სულხან სალაძის თქმით, საია კომპანიისთვის სამართლებრივი დახმარების მზაობას გამოთქვამს.