03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
პარლამენტში შუღლის კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

საქმე ეხება ძალადობრივ მოწოდებას, რომელიც დასჯადი ხდება და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თუ ამ ძალადობრივ მოწოდებას მოჰყვა სხეულის დაზიანება და ჯანმრთელობის შერყევა, ამ შემთხვევაში ქმედება 2-დან 4 წლამდე პატიმრობის ვადით დასჯადი გახდება. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა ამ პროექტში, განსაკუთრებით იმ მუხლებში და იმ ტერმინებში, რომელიც განსხვავებული ინტერპრეტაციის საფუძველს იძლეოდა.

„შუღლის გაღვივება იყო აღქმული განსხვავებული ინტერპრეტაციით, ამიტომ ერთიანი ტერმინი უფრო უკეთ შეესაბამება ამ პრობლემას, ანუ ძალადობრივი მოწოდება და ამგვარ ძალადობრივ ორგანიზაციებში მონაწილეობა, ან პროპაგანდა და ა.შ. ზოგადად ეს ეხმიანება უსაფრთხოების თემას,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონზე მუშაობის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან არასწორად გაგებული და მრავალი ინტერპრეტაციის მქონე ჩანაწერი შეიძლება სახელმწიფოს ხელში  რეპრესიის იარაღად იქცეს.

„დღესაც თუ საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნება, საკმარისად მკაფიოა კანონი იმისათვის, რომ მსგავსი კონფლიქტები იქნას აღკვეთილი,“-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ტერორისტული დაჯგუფებების შექმნის,  მათი დახმარებისა და გაწვრთნის დასჯად ქმედებად გახდას. ასევე დასჯადი ხდება საზღვრის გადაკვეთაც ტერორისტული დაჯგუფებების შექმნის ან გაწვრთნის მიზნით, რაც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები