03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერი აქცია თბილისში

მრგვალ ბაღში შეკრებილმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ”აისისის” ტერორისტული ორგანიზაციის ქმედებები გააპროტესტეს და გაეროს მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდეს.

„შესაძლოა სახელმწიფომ ვერაფერი გააკეთოს, მაგრამ არ შეიძლება ჩვენი რეაქცია იყოს დუმილი. ჩვენ მოვედით აქ რომ ეს დუმილი დაგვერღვია,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა. 

ამავე თემაზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია «იდენტობის» აღმასრულებელი დირექტორმა ირაკლი ვაჭარაძემ და აღნიშნა, რომ  ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს გაეროს მიმართ, სადაც მისი თქმით საერთოდ არ დგას გენოციდის საკითხი დღის წესრიგში.

"მსოფლიო ისე იქცევა თითქოს არაფერი არ ხდება,“ - განაცხადა ვაჭარაძემ.

ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედებებზე დღეს სპეციალური განცხადება საპატრიარქომაც გაავრცელა და საკუთარ პოზიციას ხაზი გაუსვა. საპატრიარქოში განმარტავენ, რომ განცხადება ასურელი ქრისტიანების შესახებ, სხვადასხვა მედია საშუალებებში არასწორად გავრცელდა.

„განა შეიძლება სულ ერთი იყოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოქალაქეთა და მითუმეტეს ქრისტიანთა ჩაგვრა-წამება და კვლა. სახელმწიფო როდესაც დაიწყებს ქმედებებს საპატრიარქო იქნება მაქსიმალურად ჩართული“ - განაცხადა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ბიძინა გუნიამ.

ავტორი: დავით კაკულია.

დღის ამბები