პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. სააპელაცო სასამართლოს მოსამართლე, მირანდა ერემაძე რიგით მეოთხე კანდიდატი იქნება, რომელიც დეპუტატების წინაშე იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე წარსდგება.
გუშინ, კანონმდებლებმა შოთა გეწაძეს მოუსმინეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატთა შორის სასამართლო სისტემის 18-ი მოქმედი ან ყოფილი წარმომადგენელი, 2 კი გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანია.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის ოთარ კახიძის თქმით, მისი პარტია კვლავ მიიღებს გასაუბრების პროცესში მონაწილეობას და კანდიდატს ყველა იმ კითხვას დაუსვამს, რაც საზოგადოებას აინტერესებს.
მისივე შეფასებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ცდილობს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესოს ის პირები, რომლებიც უპირობო მორჩილებაში ეყოლება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის თქმით, უმრავლესობა კანდიდატს წარსულთან და ამჟამინდელ საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვამს კითხვებს. ოხანაშვილი მოსამართლეთა შერჩევის პროცესს კონსესუსზე დაფუძნებულ, გახსნილ და გამჭვირვალე საზოგადოებრივ პროცესად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო. დეპუტატები უკვე გაესაუბრნენ მოსამართლეებს: თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს და შოთა გეწაძეს.