03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად შესაძლოა, რადიოაქტიური მასალა შემოიტანონ

მდინარე ჭოროხის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე რადიაციული საფრთხის თაობაზე ინტერნეტ გამოცემა ბათუმელები წერს.

გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ჰესების მშენებლობისთვის თურქეთიდან აქროლადი ნაცარი უნდა შემოიტანონ, რომელიც რადიაციულია და შესაბამისად საშიშიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

მოსაზრებას არ იზიარებს ენერგეტიკის სამინისტრო, რომლის განკარგულებითაც სამშენებლო კომპანიას აქროლადი ნაცრის შემოტანის ნებართვა მიეცა.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ აქროლადი ნაცარი ევროპის ენერგეტიკულ მწვანე ნუსხაშია შეტანილი და საფრთხეს არ წარმოადგენს. რადიაციულად დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე კი კანონით იკრძალება.

აქროლადო ნაცრის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანას მონიტორინგს გარემოს დაცვის სამინისტრო შემოსავლების სამსახურთან ერთად გაუწევს.

სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ, რომ ქვეყანაში რადიაციული ნარჩენის შემოტანა იგეგმება.

სპეციალისტების მიიჩნევენ, რომ ნარჩენების მშენებლობაში გამოყენებამდე აუცილებელია მათი გამოკვლევა რადიაციული საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.                              

დღის ამბები