03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ქართველი გამომგონებლების წარმატება ამერიკაში

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტოს კენედის ცენტრში ქართველი გამომგონებლები, ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი თითქმის 2 კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ.

მეათეკლასელი ბიჭების გამოგონებით-მულტიკლიმატიზატორით, კონრადის ფონდი დაინტერესდა, რომელიც ყოველწლიურად, ნასას ვიზიტორების ცენტრის ტერიტორიაზე ინოვაციის სამიტს აწყობს და ახლგაზრდა გამომგონებლებს მთელი მსოფლიოდან იწვევს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე გამარჯვების შემდეგ, 16 წლის მოზარდების გამოგონებას ფონდმა და ამერიკის საელჩომ უკვე შეერთებული შტატებისკენ გაუხსნეს გზა.

კონრადის კონფერენციაზე ირაკლის და კარლოს პირველ რიგში უნდა აეხსნათ, თუ რატომ არის საინტერესო და ინოვაციური მათი გამოგონება, რომელიც ფერმერებს ინფორმაციას მიწის ტენიანობის, ტემპერატურის და მოსალოდნელი ამინდის შესახებ აწვდის და მზის სინათლეზე იმუხტება.

ქართველი მოზარდების გამოგონების პრეზენტაცია დილის 09:00 საათზე დაიწყო ირაკლის და კარლოს მოხსენებამ იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე თავად გამომგონებლები ვარაუდობდნენ. ირაკლის და კარლოს გამოგონებას კონრადის სამიტი ოვაციებით შეხვდა.

ქართველი გამომგონებლები ფიქრობენ, რომ მათი გამოგონების წარმოება სერიულად უნდა დაიწყოს და ის ქართველი ფერმერებისთვის აუცილებელი ხელსაწყო გახდეს. მოზარდები ამბობენ, რომ იმუშავებენ სხვა პროექტებზეც და უარს არ იტყვიან, თუ შემოთავაზება რომელიმე ქვეყნიდან, მათ შორის შეერთებული შტატებიდან ექნებათ.

ირაკლი და კარლო ამერიკაში მაისშიც ჩავლენ. მათი გამოგონება ქართველმა მოზარდებმა ამჯერად ნიუ-იორკში უნდა წარადგინონ.

ავტორები:დავით ნიკურაძე, სანდრო პაპინაშვილი

 

დღის ამბები