18 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
მოვიდნენ და გადაგვიარონ - სანდრო ბრეგაძე "ქართული მარშის" მასშტაბურ აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდება 

"ქართული მარშის" ხელმძღვანელმა სანდრო ბრეგაძემ  ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის გეგმებზე ისაუბრა.

ბრეგაძის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ დღეს მასშტაბური აქცია გაიმართება, რადგან "ქართული მარშის" თბილისელი მხარდამჭერების გარდა, ადამიანები დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც მოემართებიან.

"სრული მობილიზაციაა მომხდარი. ყველა რეგიონიდან არიან დაძრული ჩვენი მხარდამჭერები,"- აღნიშნა ბრეგაძემ.

ბრეგაძე ამბობს, რომ  ისინი კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ და ფილმის გაშვების საშუალებას არ მისცემენ. 

"არ მივცემთ კინოს ადმინისტრაციას და მესვეურებს ამ ფილმის გაშვების საშუალებას, არ შევუშვებთ შენობაში, ჩვენ დავდგებით და კი ბატონო, მოვიდნენ და გადაგვიარონ," - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

რაც შეეხება პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობას, ბრეგაძის თქმით, საპატრულო პოლიციას არ აქვს უფლება მოქალქეებს მშვიდობიანი გამოხატვის ფორმები აუკრძალოს. 

"ქართული მარშის" ლიდერი ფილმის ლობისტებად გიგა ბოკერიას, „ევროპულ საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობას", რესპუბლიკური პარტიას და არასამთავრობოებს ასახელებს.

ბრეგაძეს აქვს მოლოდინი, რომ "გადაცმულმა ადამიანებმა" შესაძლოა, პროვოკაციები მოაწყონ.

"ჩვენ განვთავსდებით კინოთეატრის მიმდებარედ და გავაკეთებთ სირცხვილის კორიდორს, რომელშიც გასვლა მოუწევთ ფილმის შემქმნელებს და მესვეურთ. ძირითადი მობილიზება კინოთეატრ "ამირანთანაა", მცირე ჯგუფები განთავსდებიან ყველა კინოთეატრთან," - აღნიშნა ბრეგაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაიყიდა ფილმის პრემიერის ბილეთები რეკორდული რაოდენობით რეკორდულ დროში, ბრეგაძეს ამაზე საკუთარი ვერსია აქვს:

"ლიბერასტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიძინეს და უფასოდ დაარიგეს," - განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში დღეს უნდა გაიმართოს. ფილმის შინაარსი, რომლის ჩვენებაც ჯერ არ შემდგარა გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე გააპროტესტეს. 

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგება და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავს.  

ფილმის ჩვენებას ასევე "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც" ეწინააღმდეგება. გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე, ფილმის ჩვენება არ მოხდება.

საპატრიარქო ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ემიჯნება ძალადობას.

შექმნილი ვითარების ფონზე, შესაძლო ძალადობის ფაქტს სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა. 

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და საზოგადოებას კანონის დაცვა შეახსენა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს. სამინისტრომ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

 

დღის ამბები