03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
60 ნიქოზელი ვეტერანის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

60 მოხალისე ნიქოზელი ვეტერანი, რომლებიც 90-იან წლებში ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს სოფელ ნიქოზს იცავდნენ, ვეტერანის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

80 წელს მიღწეული ოთარ მინდიაშვილი 90–იან წლებში სოფელ ნიქოზს საოკუპაციო ძალებისგან იცავდა.

მოხუცი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანთა დეპარტამენტში სტატუსის მისაღებად საკმარისზე მეტი მტკიცებულება წარადგინა, თუმცა ვეტერანის მოწმობა მაინც არ მისცეს.

სამაჩაბლოს კონფლიქტის მონაწილის სტატუსი მინდიაშვილის გარდა კიდევ 59 კაცმა ვერ მიიღო. მოხალისეების ინფორმაციით, ვეტერანის სტატუსი მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო სოფელ ნიქოზიდან მხოლოდ 6-მა კაცმა მიიღო, რომლებიც მათთან ერთად საგუშაგოებზე სანადირო თოფებით იდგნენ და სოფელს იცავდნენ.

ვეტარანთა დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ზემო ნიქოზელ მოხალისეებს ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე უარი კანონიერად უთხრეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ომისა და სამხედრო ვეტერანების შესახებ კანონის მეცხრე მუხლის თანახმად ის პირები ვინც არ ირიცხებოდნენ რომელიმე სამხედრო, საპოლიციო ან დაზვერვის სამსახურში, აგრეთვე სამხედრო ფორმირებებში, ვეტერანის სტატუს ვერ მიიღებენ.

ნიქოზელი მოხალისეები სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავის საგანს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეისწავლის.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ნიქოზელი მოხალისეების საქმეების შესწავლა უკვე დაიწყო.

ავტორები: დავით კაკულია, გიორგი კვიჭინაძე, ეკა ბუცხრიკიძე

დღის ამბები