"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა თბილისის მერის, კახა კალაძის ბრალდებებს უპასუხა. უსუფაშვილი აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის მან 90 გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა, რომელიც "ქართულ ოცნებას" გაუგზავნა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
"დღეს ბატონმა კალაძემ გამოაცხადა, რომ თურმე მე წინა საკონსტიტუციო კომისიაში თითი თითზე არ დამიდია ამ საქმის მოსაგვარებლად. იმაში მართალია, რომ თითი თითზე არ დამიდია, იმიტომ, რომ თითი თითზე რომ მქონოდა დადებული, ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ამ თითებში ხან კალამი მეჭირა და ხან კომპიუტერზე ვაწკაპუნებდი. რატომ? იმიტომ, რომ შექმნილიყო ეს, 90 გვერდიანი დოკუმენტი ცვლილებების თაობაზე, რომელშიც 90 სიტყვა არაა შეტანილი მისი დღევანდელი თანაგუნდელების მხრიდან. აგერ, გაგზავნილი ელექტრონული ფოსტით ფრაქციებთან, "ქართული ოცნების" ფრაქციასთან, თხოვნით, რომ აგერაა წინადადებები და იქნებ რაიმე გვითხრათ, ხმა ამოიღოთ, მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ. მითხრან, რა გამომიგზავნეს ამ საკითხზე?! არაფერი, იმიტომ, რომ სწორედ მათ არ სურდათ პროპორციული არჩევნები,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.