06 ოქტომბერი 2024,   10:41
ვრცლად
მზად ვარ ჩავიდე და დღესვე ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა ვაჟა გაფრინდაშვილზე საუბრით დაიწყო.

"მზად ვარ ჩავიდე და დღესვე ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი," - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

აკაკი ზოიძის თქმით, ის უერთდება ექიმების ინიციატივას და სეპარატისტულ რეჟიმს ერთი კვირით საკუთარ თავს სთავაზობს.

"ადამიანი იმყოფება მძევლად იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ის აღიარებს თავის სამშობლოს ერთიანობას...

მივესალმები ექიმების ინიციატივას, რომელიც გაჟღერდა ცოტა ხნის წინ, რომ ისინი მზად არიან ერთი კვირით ჩავიდნენ და ჩაენაცვლონ ბატონ ვაჟას.

მე როგორც ექიმი და კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე მზად ვარ ჩემი თავი შევთავაზო ერთი და ორი კვირითაც, რამდენიც იქნება საჭირო იმისათვის, რომ ჩავანაცვლო და ბატონი ვაჟა გავათავისუფლოთ მძევლობიდან,"- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავა. ექიმი ბრალს არ აღიარებს. მას წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მოგვიანებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ქართველ ექიმზე მორიგი ცრუ ბრალდება გაავრცელა, მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი 2008  წელს აგვისტოს ომში მონაწილეობდა. 

 

დღის ამბები