03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
"კარგია, რომ ქვეყანაში მხოლოდ მინდია ჯანელიძისნაირი ჯანელიძეები არ გვყავს"- გიორგი ბარამიძე

"კარგია, რომ ქვეყანაში მხოლოდ მინდია ჯანელიძისნაირი ჯანელიძეები არ გვყავს და გვყავს გმირი გიორგი ჯანელიძე,"- ეს განცხადება უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს სამოქალაქო პანაშვიდზე თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა. მან გააკრიტიკა საქართველოს მთავრობის მიდგომები და აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს გმირები, რომლითაც უნდა იამაყოს. 

"გვყავს გმირი გიორგი ჯანელიძე რომელიც იბრძოდა დაიღუპა საქართველოსთვის უკრაინაში. ეს არის ერთი დიდი ბრძოლა თავისუფლებისათვის და რუსეთის აგრესიული ქმედებებისგან თავდაცვისკენ მიმართული,"- განაცხადა ბარამიძემ.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა დეპუტატი აკაკი მინაშვილიც.  

"სწორედ გიორგი ჯანელიძესავით ხალხზე დგას საქართველო და ქვეყნის მომავალი. ამ ადამიანის საქციელი სამაგალითო და მისაბაძია,"- განაცხადა დეპუტატმა მინაშვილმა. 

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა და დაღუპული ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა ირაკლი ალასანიას თანაგუნდელმა ალექსი პეტრიაშვილმაც. 

"თავისუფლებისთვის ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი შეეწირა. მადლობა მის ოჯახს ასეთი ადამიანის გაზრდისთვის. მისი ქმედებები არის დასაფასებელი და სამაგალითო. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს გიორგი ჯანელიძე და არც სხვა თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ბიჭები, ჩვენი გმირები,"- განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა.

თბილისში გიორგი ჯანელიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მმართველი კოალიციის არცერთი წარმომადგენელი არ მისულა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები