03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
ტატამიდან ცირკის არენამდე-ახალი სკანდალი კასპში

"საესტრადოს რესტორანში მღერის, აქ კიდევ ცირკს აწყობს,"- ამ განცხადებას "პოსტსკრიპტუმთან" ლია ბეგლარაშვილი აკეთებს, რომელიც 25 დღის წინ კასპის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებიდან ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით გაათავისუფლეს.

ბეგლარაშვილი კასპის მუნიციპალიტეტში 34 წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა ბოლო 9 წელი კი კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში გაატარა. ბეგლარაშვილი "პოსტსკრიპტუმთან" საუბრისას განმარტავს, რომ სამსახურიდან საპატრულო პოლიციის თანხლებით გააგდეს. 

პოლიცია კასპის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მიხო ქოსაშვილმა გამოიძახა, რომელიც ამბობს, რომ მას მანდილოსანმა აგინა. ქოსაშვილი "რუსთავი2"- თან საუბრისას იმ მუხლს ვერ აკონკრეტებს, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელა და თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა.

"მე ვარ უფროსი და მაქვს უფლება გავუგრძელო ან არ გავუგრძელო ადამიანს შრომითი ხელშეკრულება,"- აცხადებს ქოსაშვილი. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიხო ქოსაშვილი გამგებლის მოადგილის ჯამბულ ქამხაძის ნათესავი და კოალიცია ქართული ოცნების წევრია და მისი დანიშვნაც გაერთიანების თავმჯდომარედ სწორედ ამ მიზეზით მოხდა. 

"აქტიურად ვიყავი ჩართული ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაში, ახლაც მხარს ვუჭერ მათ. შემდეგ განიხილეს ჩემი სიტუაცია, მე ვშრომობ ანსამბლ "მოურავში" იქ ვმღერი, ჩემი სწავლა-განათლებაც მოერგო,"- აცხადებს მიხო ქოსაშვილი.

ლია ბეგლარაშვილი კასპის კულტურის დაწესებულებათა გართიანების ხელმძღვანელის წინააღმდეგ სასამართლოში დავას იწყებს და ამ გზით შეეცდება საკუთარი თავის თანამდებობაზე აღდგენას. 

ავტორი: ნოდარ მელაძე

 

  

 

 

დღის ამბები