18 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
მკვლელი თამაშები და სუიციდის საგანგაშოდ მზარდი სტატისტიკა - რატომ არ იხილავს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს

საქართველოში მცხოვრები 3 მილიონ 724 ათასი მოქალაქიდან 1 მილიონი აზარტულ თამაშებშია ჩართული. კაზინოების ვებ-გვერდზე 24 საათში 3 ათასზე მეტი პროფილი იხსნება. ონლაინ თამაშებისა და კაზინოების მომხმარებელი ორივე სქესის წარმომადგენლები თანაბრად არიან.

საგანგაშო კვლევა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" გაასაჯაროვა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ ჯაფარიძის ინფორმაციით, დღეს თინეიჯერების 58% ლუდომანიითაა შეპყრობილი. არის სუიციდის შემთხვევები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიზეზი აზარტული თამაშების სარეკლამო კამპანია და უმუშევრობაა.

25 წლამდე მოქალაქეების აზარტული თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა, დამოკიდებულთა ბაზის შექმნა და მშობლების ჩართულობა, კერძოდ, ოჯახის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ სასამართლოს მიმართონ თამაშის აკრძალვის მოთხოვნით, -  ყველა ეს ინიციატივა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კანონპროექტის სახით საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინეს, თუმცა წელიწადნახევარია დოკუმენტი თაროზე დევს და პარლამენტს მისი განხილვა არ დაუწყია.

პრობლემის სიმწვავეზე უმრავლესობაც საუბრობს. ალტერნატიული კანონპროექტი მომზადებული მმართველ გუნდსაც აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტის განხილვა არც ამ შემთხვევაში დაუწყიათ. კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ დოკუმენტში მნიშვნელოვანი აზარტული თამაშების რეკლამების შეზღუდვაა.

ჩვენი რესპოდენტი, რომლსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს, რომ თავიდან აზარტული თამაშებით ყველა ერთობა, თუმცა ეს სოლიდური თანხის წაგებით სრულდება. ახალგაზრდა მამაკაცს აზარტმა დროებით ოჯახი, მეგობრები და ახლობლები დააკარგვინა.

აზარტული თამაშების მსხვერპლის, სანდრო ბერაძის მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ელექტრონული ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. 10 ათასზე მეტი ხელმოწერა უკვე შეგროვებულია. პეტიციას 2 მიზანი აქვს - აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა და ასაკობრივი ცენზი.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვთან ერთად მზარდია სუიციდის ფაქტებიც. 2019 წლის ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ასეთი 20 შემთხვევა დადასტურდა.

დღის ამბები