სახელმწიფო არ დაუშვებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ყველა, ვინც პროცესს გააღვივებს, პასუხს აგებს - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
გიორგი გახარია სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებისა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის მომხდარ დაპირისპირების შემთხვევებს გამოეხმაურა.
"არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ფიგურანტი განურჩევლად, რომელ მხარეს იყო, უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება. კონტრაქცია, აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და პოლიტიკურად მომგებიან შეფასებას.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად ემოციური ფონი, ემოციური ფონის გამომწვევი მიზეზები კი არის ბევრი რამ. პირველ რიგში, ის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში კი არ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ქუჩაში.
სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პოლიტიკურ, ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები და არ დაგვავიწყდეს არავის, რომ ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ ამ ხალხმა უნდა ააშენოს ეს ქვეყანა. ყველა, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს, ან გააღვივებს ამ დაპირისპირებას, კანონის გარდა მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება დამრღვევს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.