ჯანდარის ტბაზე სამძებრო სამუშაოები ისევ უშედეგოდ მიმდინარეობს, მაშველები სანადიროდ წასულ ორ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. 21 და 27 წლის მამაკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან, სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალების მობილიზებას ითხოვენ. დაკარგულების ახლობლები ამბობენ, რომ არსებული ნავების რაოდენობა საკმარისი არ არის და მათი დამატების აუცილებლობაზე საუბრობენ.
"ვერ ჰყოფნის ეს ორი ნავი, დამატება უნდა. ნუთუ სახელმწიფოს ამხელა რესურსი არ აქვს, რომ კიდე დაამატოს ნავები?“ - ამბობს დაკარგული მეთევზეების ახლობელი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი ამბობს, რომ ძალები ტერიტორიისკენ უკვე მიემართებიან და სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
"მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა, ვიდრე არ იქნება შედეგი მიღწეული. ახალი ძალები გზაში არიან, აუცილებლად იქნება დამატებული, ბანაკები გაკეთდება ყველგან აბსოლუტურად, მთელი პერიმეტრი იქნება გაკონტროლებული. ჩვენ დაახლოებით 80% შევამოწმეთ, დარჩენილია მცირედი ტერიტორია, რომელსაც ღამის განმავლობაში კიდევ ერთხელ შევამოწმებთ," - ამბობს ლევან ღირსიაშვილი.
სამძებრო გეგმის მიხედვით, თუ სამაშველო სამსახური დაკარგულ ახალგაზრდებს ხვალ დილამდე ვერ მიაკვლევს, ამ შემთხვევაში სამძებრო სამუშაოები უკვე აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაგრძელდება.