ცოცხები, კასრები, ყავარჯნები, კვერცხები - ეს ნივთები "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა სიმბოლურად "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისთან მიიტანეს და პარტიის წევრების მისამართით ისროლეს. დაზიანდა შენობის შესასვლელი, ერთ-ერთი ყავარჯენი კი პოლიციელს სახეში მოხვდა.
სამართალდამცველები ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ გამოჩდნენ, რაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ჩაიმსხვრა შენობის ფასადი. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების თქმით, მათ 112-შიც დარეკეს. ინციდენტის გამო ადგილზე ამ წუთებშიც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
ხმაურიან დაპირისპირებამდე აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ზუგდიდის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. "ქართული ოცნების" მომხრეთა მსვლელობას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ზღურბლთან პარტიის წევრები აპლოდისმენტებით დახვდნენ.
შეძახილებით გამოხატეს პროტესტი "ქართული ოცნების" მომხრეებმა დღეს მცხეთაშიც. დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მისულ ოპოზიციის ლიდერებს სიტყვიერი შეურაცხყოფით, ცოცხების სროლით და წყლის შესხმით უპასუხეს.
აქციის მონაწილეებს მითითებებს აძლევდნენ მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე და "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, იოანე ლაშხი. ამ ფაქტის კამერით გადაღების შემდეგ მომიტინგეთა აგრესია ჟურნალისტებზეც გავრცელდა.
ვიდრე ოპოზიცია დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მივიდოდა, ადგილზე საჯარო მოხელეები შეიკრიბნენ.
არსებული ინფორმაციით, მცხეთის აქციაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მას წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ხმაური იყო დღეს ქუთაისშიც. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ოპოზიციის შეხვედრაზე შეჭრას ცდილობდნენ.
პროტესტი იყო ქობულეთის საკრებულოშიც. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ. ოპოზიცია ქობულეთის მერს საქმიანობის ხელშეშლაში ადანაშაულებდა. მათი თქმით, დილით სამსახურში მისულებს აიპებისა და მერიის 200-მდე თანამშრომელი დახვდათ, ადგილი ჰქონდა პროვოკაციასაც.
ხმაურიანი აქციებისა და კონტრაქციების პარალელურად, ოპოზიცია რეგიონებში მასშტაბური შეკრებების გამართვას აანონსებს. პირველი გასვლითი აქცია 6 დეკემბერს, ქუთაისშია დაგეგმილი.
ავტორი: თამთა ჩიტიშვილი.