ცდილობს თუ არა პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის საპატიმროში დატოვებას წლების წინ მომხდარი დანაშაულით - ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე პროცესი სასამართლოში დღეს განახლდა და მას ბრალდებულიც ესწრება.
ოქრუაშვილის ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალის წარდგენა, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდება. ადვოკატები ამბობენ, რომ ეს ფაქტი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ ბრალდებას ირაკლი ოქრუაშვილის ნებისმიერ ხერხით პატიმრობაში დატოვება სურს.
ირაკლი ოქრუაშვილს, ხელახალი გამოძიების ფარგლებში, 15 წლის წინანდელ საქმეზე - ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე ბრალი წარედგინა.
გარდა ამისა, საქმეს დაუბრუნდა ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილიც, რომლის აცილებაც, წინა სასამართლო სხდომაზე თავად ოქრუაშვილმა მოითხოვა.
“ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, 5 დღით ადრე, თითქოს მოიპოვეს მტკიცებულება მის წინააღმდეგ სხვა საქმეში და წაუყენეს ბრალდება. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ბრალდებას სურს, ირაკლი ოქრუაშვილი ნებისმიერი ხერხით პატიმრობაში დატოვოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ ეს ასე არ იქნება დიდხანს“ - აცხადებს მამუკა ჭაბაშვილი.
პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს კიდევ ერთი უფლებადამცველი, ვახტანგ იაშვილი. ადვოკატი ამბომ ვერც ერთი მოწმე ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობას ვერ დაადასტურებს.
სასამართლოში მივიდა პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” წევრი, კოტე კემულარია. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.
"ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, გამოძიება არ მიმდინარეობს. არ შეუქმნია პროკურატურას არანაირი მტკიცებულება ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ. მხოლოდ ის ახალი შეთითხნილი 15 წლის წინანდელი, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ბრალი წარუდგინეს. ამას სწავლობს არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ ირაკლი არის პოლიტიკური პატიმარი“ - აცხადებს კოტე კემულარია.