03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
მშობელთა საინიციატივო ჯგუფი დღეს განათლების სამინისტროსთან აქციას გამართავს

მშობელთა საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეს განათლების სამინისტროსთან აქციას გამართავენ. როგორც ორგანიზატორები ამბობენ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რომელიც პარლამენტში სასკოლო ასაკის განსაზღვრის თაობაზე დაგეგმილ კენჭისყრას უკავშირდება

საინიციატივო ჯგუფი საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს და ითხოვს, რომ გათვალისიწნებული იყოს ბავშვებისა და მათი ოჯახების პოზიცია.

აქციის ორგანიზატორები მმართველ გუნდს სპეციალურ მიმართვასაც გაუგზავნიან.

„საკანონმდებლო ორგანო მეორე მოსმენით კენჭს უყრის ინიციატივას - სასკოლო ასაკის საწყისად განისაზღვროს 6 წელი. არსებული ვარიანტით, ბავშვებს რომელთაც სწავლის დაწყების დღიდან უსრულდებათ 6 წელი ეკრძალებათ სკოლაში შესვლა. საპარლამენტო უმრავლესობაზე ზეწოლას ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება, რადგან ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 20000-მდეა, მათ მიერ შეთავაზებული ვარიანტით სახელმწიფო ბიუჯეტი დაზოგავს 8 მლნ-მდე ლარს. თავისმხრივ, ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება ბავშვების სასკოლო მოტივაციის ხარისხზე და, ამავდროულად, პრობლემას შეუქმნის ოჯახებს, მოახერხონ შვილების სოციალური აქტივაცია. მინისტრის, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ აღნიშნული ინიციატივა დაკვალიფიცირდა, როგორც ვიწრო პარტიული ინტერესის შემცველი და ნაციონალური მოძრაობის მიერ მორიგი საბოტაჟის მცდელობა. საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა შეურაცხყოფს მათ ინტერესს და მოითხოვს, საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის პროცესში გაითვალისწინოს მათი პოზიცია, რომელსაც არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური მოტივაცია.“ - აცხადებენ მშობელთა საინიციატივო ჯგუფში.


"ზოგადი განათლების შესახებ" კანონით განსაზღვრულია, რომ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი ექვსი წელია. პარლამენტმა პირველი მოსმენით – 62 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო პროექტი, რომელიც საჯარო სკოლებში ბავშვების 5 წლის ასაკიდან შეყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" წევრმა კობა სუბელიანმა შესთავაზა.

საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან 12 საათზეა დაგეგმილი.

დღის ამბები