სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში კი ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს ის პირები, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, ღონისძიებაზე ის ტოლერანტობის ქომაგები დაჯილდოვდნენ, რომლებიც თავად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საბჭომ გამოავლინა.
"გარდა ამისა, მე როგორც სახალხო დამცველი ტრადიციულად ვაჯამებ ხოლმე ამ დღეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს თუ მიღწევებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაცვის მიმართულებით," - აცხადებს ნინო ლომჯარია.
აშშ-ს განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერის განმარტებით, იმისათვის, რომ საქართველო იყოს მდგრადი, აუცილებელია ქვეყანაში ეკონომიკა და დემოკრატიული მმართველობა იყოს განვითარებული.
"ამავდროულად, მნიშვნელოვანია ტოლერანტობა. აუცილებელია, რომ დავაჯილდოვოთ ის ადამიანები, ვინც ცდილობს ტოლერანტობის ხელშეწყობას," - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა.