18 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ევროპოლის წერილი საქართველოს - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმემ შესაძლოა ქვეყნის რამდენიმე რეგიონი მოიცვას

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე საქართველოს ევროპოლმა წერილი გამოუგზავნა.

ჯერ კიდევ მაისში მიღებულ გზავნილში ქართველ კოლეგებს ევროპელი გამომძიებლები 6 საეჭვო ფოტოზე უთითებენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული.

ფოტოების დეტალური შესწავლის შედეგად, ევროპის პოლიციის სამსახურმა ძალოვან უწყებებს მოუწოდა დაინტერესებულიყვნენ კონკრეტული პირებით, რომლებიც ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში ფიგურირებენ.

"კურიერის" მიერ მოპოვებული წერილით ირკვევა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის სქემაში გორის და თბილისის გარდა, შესაძლოა, სხვა ქალაქის მაცხოვრებლებიც იყვნენ ჩართული.

ერთ-ერთ საეჭვო ადგილად ევროპოლი სამტრედიას და იქ მდებარე ორ ფოტოსტუდიას ასახელებს.

დაადგინეს, რომ ავეჯი და სხვა ნივთები, რომლებიც გამოსახულებაზე ჩანს, სალონი "დიადემის" ინტერიერის იდენტურია. სხვადასხვა საიტის მომხმარებლების გაშიფვრის დროს კი  ქართველი ფოტოგრაფის კვალს მიაგნეს.

"კურიერმა" ყველა საეჭვო ლოკაცია გადაამოწმა. სტუდიების მფლობელები ადასტურებენ, რომ მშობლებს ფოტოსესიებში მონაწილეობისთვის შვილები მიჰყავთ.

სალონ "დიადემას" დამფუძნებელი ადასტურებს, რომ 13-14 წლის გოგონებს მშობლები სურათებს სხვადასხვა ფორმაში ხშირად უღებენ, თუმცა რისთვის, უცნობია.

"კურიერი" ასევე იმ ორ ფოტოგრაფს ესაუბრა, ვისით დაინტერესებასაც ქართულ მხარეს ევროპოლი სთხოვს. ორივე მათგანი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან პირდაპირ კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

თუმცა, უჭირთ საუბარი, ვის და რაში სჭირდებოდა სხვადასხვა ასაკის მოზარდების ფოტოები. ფოტოგრაფები პაატა ცერცვაძე და დავით ერისთავი აღნიშნავენ, რომ ამ მძიმე დანაშაულის საქმეზე ჯერ არც ერთი არ დაუკითხავთ.

კიდევ ერთი ადგილი, რომელზეც ევროპოლი მიუთითებს და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ისევ გასაიდუმლოვებული აქვს, მიხეილ მესხის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაა. 

კვინსლენდის პოლიციის თანამშრომლის წერილზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, რაც ქმნის საფუძველს, რომ კონკრეტული პირების დანაშაულში მხილების მიზნით სხვადასხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება.

დღის ამბები