ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიუს კუბილიუსმა ევრონესტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ შეშფოთება გამოთქვა.
კუბილიუსმა აღნიშნა, რომ რეზოლუციაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებების ჩაწერა უნდოდათ, თუმცა ასამბლეის წევრებმა, ანგარიშის ფორმატიდან გამომდინარე, აღარ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
"ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. იყო მცდელობები, რომ შესულიყო ცვლილებები ერთ-ერთი კომიტეტის ანგარიშში, რომელიც ზოგად საკითხებს შეხებოდა, როგორიცაა საპარლამენტო ზედამხედველობა. ეს არ ეხებოდა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების კონკრეტულ მახასიათებლებს. ასამბლეის წევრებმა მიიჩნიეს, რომ ლოგიკური თვალსაზრისით, არ იქნებოდა კარგი, რომ ინდივიდუალურ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები ჩავწეროთ რეზოლუციაში მაშინ, როცა ანგარიში ზოგადია და საპარლამენტო ზედამხედველობას ფარავს. არ შევიდა ცვლილება, მაგრამ მე ვამბობ, რომ უსიამოვნო განცდა მაქვს იმ შეშფოთების გამო, რაც ევრონესტის წევრებს აქვთ,"- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ევროპარლამენტის დეპუტატმა ივან კრულკომ 20-21 ივნისის აქციების დროს დაკავებულ ადამიანებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესების გამო ადამიანების დაპატიმრება ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
"არჩევნების გამოა ხალხი ქუჩაში გამოსული. მე ეს ყველაფერი უკრაინაშიც მინახავს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ პატიმრებზე პოლიტიკურ პროცესში, ეს საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცუდი გზავნილია. ვიმედოვნებ, რომ ყველა პატიმარს ახლო მომავალში გაათავისუფლებენ და ოპოზიცია და მმართველი პარტია გააგრძელებენ დიალოგს. თქვენი საარჩევნო კანონი ჩვენი საქმე არ არის, ეს თქვენი საქმეა, რომ საუკეთესო კანონი მიიღოთ. ვიმედოვნებ, რომ კანონი მორგებული იქნება სიტუაციაზე და მისაღები იქნება პოლიტიკური პარტიებისთვის,"- განაცხადა ივან კრულკომ.