საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებული მოქალაქე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა მოინახულეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებული მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. მისი მდგომარეობა ამ ეტაპისათვის დამაკმაყოფილებელია. უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცავები.
"ყველა ასეთი ინციდენტი, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ თვითონ დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება ამ ეტაპზე. რაც შეეხება ინციდენტს, ამაზე გამოძიება მიდის და ამ ეტაპზე, მიზანშეწონილი არ არის რაიმე დამატებითი კომენტარების გაკეთება,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შემთხვევით დაჭრეს.