ბიძინა ივანიშვილის მიერ ფულის გათეთრებისა და შეკვეთილი მკვლელობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ლარნაკაში ვეღარ გაფრინდნენ გოკა გაბაშვილი და გიგი უგულავა.
ამის მიზეზი ორი მამაკაცი გახდა, რომლებიც "ევროპული საქართველოს" ლიდერებს თავს აეროპორტში დაესხნენ.
შესაბამისი მტკიცებულებები, ოპოზიციის ლიდერების თქმით, მათთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს უნდა მიეწოდებინა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გასაფრენ დარბაზში, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს მათთვის უცნობი 2 მამაკაცი დაესხა.
საბოლოოდ ვიზიტი ვერ შედგა და 5 საათი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე გაატარეს.
ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა ექსპერტიზაზე უარი გამოძიებისადმი უნდობლობის მოტივით თქვეს.
ოპოზიციის ლიდერებთან გამოკითხვაზე ადვოკატი დაგვიანებით შეუშვეს.
5 საათიანი გამოკითხვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გოკა გაბაშვილს და გიგი უგულავას, "ევროპული საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ელოდებოდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აეროპორტში მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.
მმართველი გუნდისთვის ბრალდება პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ მიუღებელია. დამოუკიდებელი დეპუტატები კი ინციდენტში მონაწილეების იდენტიფიცირებისა და მოტივის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობენ.
აეროპორტში არ საუბრობენ მომხდარის შესახებ, გასაფრენ ზონაში, სადაც თავდასხმა მოხდა, მედიას არ უშვებენ. თვითმხილველები მხოლოდ დაცვის წარმომადგენლები და ის მგზავრები იყვნენ, რომლებმაც უკვე დატოვეს საქართველოს საზღვარი.
მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ კი გიგი უგულავამ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ პოლიცია მასთან სახლში მივიდა და ბრალი 126-ე მუხლით პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პირის ცემას გულისხმობს.