უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას დღეს ის "კომპრომისი" გააცნო, რომელზეც "ქართული ოცნების" ლიდერები "ამბოხებულ მაჟორიტარებთან" წავიდნენ.
ხელისუფლება 2020 წლის არჩევნებამდე იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ასე არჩეულ პარლამენტს კი უფლებამოსილება არა 4 წლით, არამედ 2024 წლამდე ექნება.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ქვეყანაში სტაბილურობით დაინტერესებულმა ძალებმა მმართველი გუნდის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი უნდა დაუჭირონ. იმ შემთხევაში, თუ ეს არ მოხდება, 2020 წლის არჩევნებისას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება. თანაგუნდელების წინანდადება "ამბოხებულ დეპუტატებს" დღეს იმდენად მოეწონათ, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე უარი თქვეს და ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტიდან გამოთხოვილი ბლანკები დროებით თაროზე შემოდეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა "ქართულ ოცნებას" პარლამენტში არ აქვს. შესაბამისად, პროექტს ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა უნდა დაუჭირონ მხარი, რაც მათ დღესვე გამორიცხეს. დეპუტატები ამბობენ, რომ საკითხს არც კი განიხილავენ და შემოთავაზებულ ვარიანტი აბსურდულია.
რისი იმედი აქვს ხელისუფლებას კენჭისყრისას, გაუგებარია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის. პარტიები, რომლებიც ერთი თვეა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ქუჩაში აქციებით ითხოვენ, "ქართული ოცნების" ინიციატივას არაადეკვატურს უწოდებენ. პოლიტიკოსების აზრით, მმართველი გუნდი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, ხმები არ ყოფნით, "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ოპონენტების დათანხმებას შეძლებენ და საკუთარ ინიციატივას პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. თუ როგორ აპირებენ ამის მოხერხებას, უმრავლესობის ლიდერები არ აკონკრეტებენ.
მესამე სექტორი მმართველი გუნდის ინიციატივას პოლიტიკურ ვაჭრობად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ელოდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ხელისუფლება რეალურ დათმობაზე წავიდოდა.
"ქართული ოცნება" ახალ ინიციატივას გერმანული მოდელის საპასუხოდ, სავარაუდოდ, ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფორმატში წარადგენს. შეხვედრის მესამე რაუნდი ორ დღეში გაიმართება.