დღევანდელი ღონისძიების გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. სრულად დაკეტილია თავისუფლების მოედანი.
გახსნილია ალტერნატიული მარშრუტები. მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები მობრუნდებიან ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას გააგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით.
მოძრაობა იკრძალება რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩის და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროსა და ჩუღურეთის მიმართულებით.
რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.
თავისუფლების მოედანზე, დღეს 16:00 საათზე "ქართული ოცნების" ინიციატივით გაიმართება ღონისძიება "საქართველოს გზა ევროპისკენ". როგორც პარტიაში განმარტავენ, ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.