რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 15 წლის მოზარდის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ახლობლები ბრალდებებს უყენებენ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობასაც.
"მწვანე სკოლის" ადმინისტრაცია, კერძოდ სკოლის დირექტორი "რუსთავი 2-თან" საუბარში აცხადებს, რომ სკოლამ კანონის შესაბამისად იმოქმედა, მოახდინა დანაშაულის პრევენცია და ასევე სკოლის სხვა მოსწავლეების უსაფრთხოება დაიცვა.
"მწვანე სკოლის" დირექტორის კახა დავითურის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის კამერებიდან პირის იდენტიფიცირება სკოლის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა, დაცვის სამსახურმა შესაბამისი ზომები მიიღო და საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა.
"რამდენიმე კამერა ვნახეთ, დავაკვირდით. როდესაც ვერ მოვახდინეთ იდენტიფიცირება ვთქვით, რომ აქ არის უამრავი რამ დაზიანებული, რომელიც უნდა გადავღებოთ იმიტომ, რომ ბავშვები კითხულობენ. ამასობაში მიიღო ზომები დაცვის სამსახურმა, რომელიც უბრალოდ ვალდებული იყო ამის გაკეთების, გამოიძახა პატრული.
სკოლაში იყვნენ ამ დროს ბავშვები და ჩვენთვის უცნობი იყო რა შეიძლება კიდევ ყოფილიყო ზიანი ადამიანისგან, რომელიც უკანონოდ შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე ღამით," - აცხადებს სკოლის დირექტორი.
დაშავებული მოზარდის ოჯახის წევრები კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ, ისინი საუბრობენ, რომ გამოკითხვის პერიოდში განყოფილებაში საჭირო გახდა მიეტანათ საჭირო დოკუმენტაცია, რის გამოც არასრულწლოვნის დედა, დაახლოებით 15 წუთით სახლში გავიდა და ამ დროის განმავლობაში მოზარდი სამართალდამცველებთან მარტო იმყოფებოდა.
ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ სავარაუდოდ, მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სწორედ ამ დროსაც მოხდა.
"გახდა რაღაც დოკუმენტების მოტანა სახლიდან საჭირო და დედა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად წავიდა სახლში ამ დოკუმენტების მოსატანად, ხოლო ჩემი ძმა დარჩა განყოფილებაში. დედამ არ იცოდა, რომ ეს ასე არ უნდა მომხდარიყო და ჩემი ძმა იქ არ უნდა დარჩენილიყო. დაახლოებით 15-20 წუთი მოუწია ყოფნა ჩემს ძმას განყოფილებაში, შემდეგ დედა დაბრუნდა და გაგრძელდა დაკითხვა.
იყო დაძაბულობა ,როგორც გამომძიებელსა და ჩემს ძმას შორის, ასევე დედაჩემსა და ჩემს ძმას შორის იქიდან გამომდინარე, რომ გამომძიებელი საკმაოდ აგრესიული ტონით ესაუბრებოდა ჩემს ძმას, ჩემი ძმაც ასევე აგრესიულად პასუხობდა.
გარკვეული დროის მერე კაბინეტიდან გამოვიდა მესამე პიროვნება, რომელმაც ჩემი ძმა თავისთან შეიყვანა ოთახში. ოთახიდან გამოსვლის შემდეგ, ჩემი ძმა იყო ატირებული. როდესაც დედამ ჰკითხა ჩემს ძმას რა მოხდა, შიგნით რა გითხრესო, მან თქვა, რომ "კაპეზეთი" დამემუქრნენო," - აცხადებს დაშავებული 15 წლის მოზარდის ძმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ოჯახი აცხადებდა იმასაც, რომ გამოკითხვის პერიოდში 15 წლის მოზარდი დედასთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს იგი გვერდითა ოთახში ჰყავდა გაყვანილი, რა დროსაც სავარაუდოდ, სამართალდამცავებმა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს.
მოზარდის ოჯახი კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ მოზარდმა სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც მასზე სავარაუდოდ, სამართალდამცავებმა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს, რადგანაც არასრულწლოვანისგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ „მწვანე სკოლაში“ წითელი საღებავებით წარწერები გააკეთა.
მომხდარი ინციდენტი "მწვანე სკოლაში" კედლებზე გაკეთებულ წარწერებს უკავშირდება. საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო.
მოზარდის შესაძლო თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით, ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ისჯება.
პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები პოლიციელების მხრიდან შესაძლო გადაცდომებზეც მიმდინარეობს.