"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა, ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში, რეანიმაციული განყოფილებაში რჩება, მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.
15 წლის მოზარდის ძმა გამოკითხვის ახალ დეტალებს იხსენებს და ეჭვობს, რომ ამ 15 წუთის განმავლობაში ბიჭზე, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურად იძალადეს.
არასრულწლოვანის ძმა ამბობს, რომ 4 საათიანი გამოკითხვის პერიოდში ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ის დედის გარეშე, სხვა ოთახში გაიყვანა, დაბრუნების შემდეგ კი ბიჭმა ბრალი აღიარა.
მუქარას სამართალდამცველების მხრიდან კატეგორიულად უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ თემაზე უწყებამ არაერთი განცხადება გააკეთა. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მშობლის გარეშე, სამართალდამცველების მხრიდან რაიმე სახის კომუნიკაციას ადგილი არ ჰქონია, უწყებაში არც იმას ადასტურებენ, რომ მოზარდმა ბრალი აღიარა.
15 წლის მოზარდის მე-9 სართულიდან გადმოხტომის მიზეზების დროულ დადგენას ითხოვს საია, რომელიც დაშავებული არასრულწლოვანის ინტერესებს იცავს.
კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობს ანა დოლიძეც. მან დღეს ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართა და გამომძიებლის და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების უფროსის საქმიდან დროებით ჩამოშორება მოითხოვა.
ბავშვის ინტერესებზე მორგებულ მართლმსაჯულების აუცილებლობაზე საუბრობენ გაეროს ბავშვთა ფონდში და მიიჩნევენ, რომ სამართალდამცველები, რომლებიც არასრულწლოვნებთან შემხებლობაში არიან, სპეციალური გადამზადება უნდა გაიარონ.
10 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, რაც შეეხება სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომას - ამას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს.