"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძისგან ითხოვდნენ პასუხს, როდის ჩაინიშნება უმრავლესობის სხდომა, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის საკითხს განიხილავენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ კითხვაზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.
საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ დღის წესრიგს საკრებულოს უმრავლესობა თავად ადგენს, ხოლო სხდომის გამართვის კონკრეტულ თარიღს შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად არ ასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში, მთელი დღის მანძილზე, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე მოხდა. დაპირისპირება ოპოზიციონერ დეპუტატებს, მოძრაობა "შეცვალესა" და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი კუხიანიძის ოთახში კარავი გაშალეს. საქმეში ჩაერთო საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქტივისტებს საკრებულოს შენობა ძალით დაატოვებინა, 4 მათგანი კი დააკავა.
სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები და ოპოზიციონერი ლიდერები საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, ერეკლე კუხიანიძისთვის მანდატის ჩამორთმევას ითხოვენ. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაავრცელა.