18 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე - ომბუდსმენი სახელმწიფო ინსპექტორს ხვდება

15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამ წუთებში სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას ხვდება.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის ოფისმა უნდა შეაფასოს, რატომ არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით.

"ფაქტია, რომ პოლიციის განყოფილებაში ბავშვისთვის და სხვა ბავშვებისთვის არ იყო შექმნილი კეთილგანწყობილი გარემო, ამიტომ ისინი ვერ გრძნობდნენ თავს დაცულად. ფაქტია, რომ იქ არსებული გარემო ქმნიდა მტრულ გარემოს ბავშვისთვის, რაც შეიძლება ჩავთვალოთ ბავშვის მიმართ განხორციელებულ ზეწოლად და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევად.

სახალხო დამცველი სწავლობს ამ საქმეს, არამხოლოდ იმ ჭრილში, თუ როგორ მოექცნენ მას სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლები, არამედ ამ საქმეს ჩვენ ვუყურებთ კომპლექსურად. გვაინტერესებს ჰქონდა თუ არა ბავშვს გარკვეული პრობლემები, რამდენად აღმოუჩინეს ან რატომ ვერ აღმოუჩინეს მას შესაბამისი ფსიქო-სოციალური დახმარება, რა იყო წინარე ისტორია, როგორ მოიქცა სკოლა," - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველთან შეხვედრამდე ლონდა თოლორაია საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა. როგორც თოლორაიამ მედიასთან განაცხადა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩება.

სახელმწიფო ინსპექტორი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ჩვენების მიცემის იძულების საქმეს იძიებს.

"პრობლემები იკვეთება. გარემოებები, რომელიც ბავშვისთვის არ იყო მისაღები და ბავშვების გარემოსთვის არ არის სასურველი, ასეთი ფაქტები იკვეთება სკოლაშიც და რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი პოლიციაშიც. შესაბამისად, ჩვენი მოწმეთა წრე არის, როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე სკოლის მიმართულებითაც ვმუშაობთ. იკითხება ყველა მასწავლებელი, ბავშვები.

ჩვენ ვიძიებთ საქმეს ჩვენების მიცემის იძულების ფაქტთან დაკავშირებით. პრობლემები, რომლებიც იკვეთება, მაგალითად მოზარდთან მუშაობა, მოზარდის გამოკითხვის მეთოდიკა, ბავშვების გამოკითხვა ღამის საათებში, ბავშვების გამოკითხვა ერთმანეთის თანდასწრებით. რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემები, რომელიც სამუშაოა.

გპირდებით, რომ კითხვის ნიშნები ამ გამოძიებასთან დაკავშირებით არ დარჩება," - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

დღის ამბები