ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციის წევრები სენატის ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა ამბობენ, რომ ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე საქართველოს საკითხის მაქსიმალურად წამოწევას არ ცდილობს.
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ აუცილებელია, კონკრეტულად საქართველოს გამოც იყოს დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და მოთხოვნებში, ქვეყნიდან ჯარების გაყვანა უნდა ჩაიწეროს.
"საქართველოს გამოც უნდა იყოს დაწესებული ეს სანქციები. სხვა ქმედითი მეთოდი, ჩვენი ოკუპაციის აქტუალიზაციისა, არ არსებობს. იმიტომ, რომ სანქციების მიზეზებში უნდა იყოს საქართველოს საკითხი და მოთხოვნებში უნდა იყოს საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის საკითხი. სწორედ ამ მიზნით, "ევროპულ საქართველოს" შემოტანილი აქვს რამდენი ხანია პარლამენტში რეზოლუციის პროექტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თავის ცეკას მდივნების თამადობით ღალატად გამოაცხადა," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“სანქციები, მკაცრი მიდგომები, პრინციპულობა, ევროპის, ამერიკის, არის აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქცია და ასეც უნდა იყოს. თავისთავად ცხადია, ჩვენს პარტნიორებს, როგორც ამერიკას, ასევე ევროპის ქვეყნებს მადლობას ვუხდით მუდმივი, თანმიმდევრული და სწორი მხარდაჭერისთვის და თავისთავად, ცხადია ასე გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ მოახდენს დე ოკუპაციას და არ მოექცევა საერთაშორისო სამართლის ნორმებში,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
"ჯოჯოხეთური სანქციების" სახელით ცნობილ დოკუმენტში საქართველოს ოკუპაციაზეც არის საუბარი.
"შტატების პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, დაასრულოს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის მხარდაჭერა, შეწყვიტოს ოკუპაცია და რუსეთიდან მართული ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაში," - ნათქვამია სენატის კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში.